გენერალური პროკურორი: პრეზიდენტს, თუ საჭირო იქნება, გამოვიძახებთ

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პატიმრების შეწყალების სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
Sputnik

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულების შეწყალების სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების საქმეზე ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოიკითხოს.

წულუკიანი: პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას>>

აგვისტოს ბოლოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 34 პატიმარი შეიწყალა. აქედან სამი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, ორი – ნარკოტიკით ვაჭრობისთვის, ხოლო ერთი დღემდე იძებნება.

„თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ", – განაცხადა თადუმაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

კითხვაზე, დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, თადუმაძემ განაცხადა, რომ ვინმეს ბრალის დადგენის შემთხვევაში ის აუცილებლად წარდგება კანონის წინაშე.

ზურაბიშვილი: „რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში“

„გამოძიების მიმდინარეობისას იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა აუცილებლობაც არის", – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

ამ საქმეზე პროკურატურაში უკვე გამოიძახეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები. მასმედიისთვის კომენტარი, გაბუნიას გარდა, არავის გაუკეთებია.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სიით, რომელიც ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი იყო დაკავებული.

შეწყალების საქმე: პროკურატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გამოკითხავს>>

სკანდალის ფონზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების ამჟამინდელი წესები გადახედვას საჭიროებს და შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა.

შეწყალების აქტზე ხელმოწერაზე მთელი პასუხისმგებლობა ზურაბიშვილმა საკუთარ თავზე აიღო. მაგრამ როდესაც მას ჰკითხეს, ხომ არ ყოფილა ის საგამოძიებო ორგანოში, პრეზიდენტმა კითხვას კითხვითვე უპასუხა – „რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში?!"

შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის ერთპიროვნული უფლებაა.