თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ზურაბ ჟვანიას სახელობის ფონდი, რომელიც მხარს უჭერს ახალგაზრდა ნიჭიერ მეცნიერებსა და ხელოვნების მოღვაწეებს, ყოველწლიური „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღებას 20 ოქტომბერს ასრულებს.
პრემია გადაეცემა 18-30 წლის ახალგაზრდებს ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა, პოეზია), მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
2019 წელს პრემიას აფინანსებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 2014 წლიდან იგი სახელმწიფოს მეთაურის ფონდის მიერ ფინანსდებოდა. აღსანიშნავია, რომ პრემიის ლაურეატები ფულად პრიზებსა და სიგელებთან ერთად სპონსორებისგან საჩუქრებს მიიღებენ.
„წინანდლის პრემია-2019“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება დეკემბრის დასაწყისში. ზუსტი თარიღი და ადგილმდებარეობა ნოემბრის დასაწყისში გამოცხადდება.
პრემიის შესახებ
პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში, ახალგაზრდა მხატვრების სემინარზე გაჩნდა. „წინანდლის პრემია" 1999 წელს დაწესდა და მისი მიზანია მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდების წახალისება, ასევე საზოგადოებისთვის თანამედროვე ნამუშევრების გაცნობა.
ვინ არიან ლიტერატურული პრემია „საბას" ფინალისტები >>
დაჯილდოების პირველი ცერემონია იმავე 1999 წელს გაიმართა. ლაურეატების დაჯილდოება იმ დროს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას პატრონაჟით ჩატარდა.
„წინანდლის პრემიის" ლაურეატები სხვადასხვა წლებში გახდნენ: პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, მწერალი ლაშა ბუღაძე, მსახიობი ნინო კასრაძე, მომღერალი ნატო მეტონიძე და სხვ.