ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გრძელდება: დევნილებმა მინისტრის კაბინეტში შეჭრა სცადეს

ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში აქცია ერთი თვეა მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები ახალი კომისიის შექმნას და ბინებით დროულად დაკმაყოფილებას მოითხოვენ.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. დევნილებმა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ, უწყების შენობაში შეღწევა სცადეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირველი არხი.

პროტესტი გრძელდება: დევნილები ბინების გადაცემის საქმეზე კომისიის შექმნას მოითხოვენ

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ და საამისოდ უწყების პირველ პირს ერთსაათიანი ვადა მისცეს. თუმცა, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საპასუხოდ დევნილებმა სამინისტროში შეღწევა და მინისტრის კაბინეტში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ დროისთვის მინისტრი შენობაში არ იმყოფებოდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოიეში ბინების გადაცემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია უკვე ერთ თვეა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის მოქმედ წევრებს, რომლებიც ფართების განაწილების საკითხებს განიხილავენ, კორუფციაში ადანაშაულებენ. ისინი მოითხოვენ შეიქმნას ახალი კომისია და ბინებით დროულად დაკმაყოფილდნენ.

ჯანდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა უმრავლესობას ბინის მისაღებად საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა და, შესაბამისად, საცხოვრებელი ფართები მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე გადანაწილდა. უწყების ცნობით, გარდა ამისა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონშია დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და, შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა.

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების აქცია გრძელდება

უწყების ინფორმაციით, ამჟამად დარჩენილია 273 ბინა, რომელთა მიღებაზე განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყო და ეს თვის ბოლომდე გაგრძელდება.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს - სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართ ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი უკვე 17 ათასამდე დევნილ ოჯახს დაუკანონდა.