რა იცვლება შენების წესებში... გამარტივდება თუ არა რეგულაციები?

გიორგი გახარია ორმოცდაათამდე დეველოპერული და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს ორი საათის განმავლობაში უსმენდა. რა ითქვა კონკრეტულად, რას ითხოვს სამშენებლო ბიზნესი, როგორია სახელმწიფოს ხედვა და შედგა თუ არა კონსენსუსი?
Sputnik

სამსონ ხონელი

ღვინობისთვის მეორე დეკადის დასაწყისში მთავრობამ ბიზნესის წარმომადგენლებთან სასაუბროდ მოიცალა. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, მეოცნებე ხელისუფლებისთვის ბიზნესის სამყაროსთან კომუნიკაცია უცხო არ არის. ამჯერად თემატური შეხვედრები გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარე ჯერ ტურიზმის, შემდეგ მევენახეობა-მეღვინეობის და ბოლოს სამშენებლო დარგის წარმომადგენლებს შეხვდა. სამივე თავყრილობის ანალიტიკას წინამდებარე სტატია ვერ დაიტევს. არჩევანს სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე შევაჩერებ. როგორც თავად გიორგი გახარიამ განაცხადა, მშენებლობა ჩვენი ეკონომიკის ის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს. გარდა ამისა, ტურიზმისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ბოლო პერიოდში ხშირად ვსაუბრობდი. ასე რომ, იმედია, მიღებულ გადაწყვეტილებას მკითხველი გაგებით მოეკიდება და, სულ ცოტა, არ მიწყენს.

საოცრებათა ქვეყანა... სიღარიბე და თამაშში „მოგებული“ ცხოვრება

„ყველანაირი დანდობის, გაფრთხილებისა და მოფერების გარეშე თქვენ მეუბნებით – კონკრეტულად სად რა პრობლემა გაქვთ“, − ამ სიტყვებით მიმართა გიორგი გახარიამ შეხვედრის მონაწილეებს და მოუწოდა ღიად ესაუბრათ ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც დარგში არსებობს. არადა, უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში სასაუბრო მართლაც ბევრი დაგროვდა...

დარგის სპეციალისტები რამდენიმე თვეა აცხადებენ, რომ სამშენებლო ბიზნესში კრიზისია. მათი შეფასებით, მიზეზი მიმდინარე წლიდან სრულად ამოქმედებული ახალი საბანკო და სამშენებლო რეგულაციებია. შეიცვალა და გამკაცრდა ყველა სახის, მათ შორის, იპოთეკური კრედიტის გაცემის წესი. არახალია, რომ უძრავი ქონების შესაძენად საჭირო ფინანსების უდიდესი ნაწილი სწორედ საბანკო სესხებზე მოდიოდა. „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტიაშვილი ჯერ კიდევ გაზაფხულზე ამბობდა, რომ უძრავი ქონების გაყიდვების მოცულობა თითქმის განახევრდა, სამშენებლო კომპანიების უმრავლესობა ახალი პროექტის დაწყებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. თავად მისი ვარაუდით, ამგვარ ვითარებაში დაახლოებით 40000 მოქალაქეს შესაძლოა დასაქმების პრობლემა შექმნოდა. რამდენად გამართლდა ეს ვარაუდი, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ სამშენებლო ბიზნესს ახლა მძიმე პერიოდი უდგას. ანალიტიკოსების შეფასებით, გამკაცრებულ საბანკო რეგულაციებთან ერთად დამატებით პრობლემად იქცა მშენებლობის ნებართვების გაცემის საკმაოდ რთული პირობები. სამართლიანობისთვის აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამშენებლო რეგულაციების გამკაცრება არავის ახირება არ იყო და ის ამ სფეროში მრავალი წლის განმავლობაში არსებულმა ქაოსმა და ურბანულმა სუიციდმა განაპირობა. სხვა საკითხია, რომ სამშენებლო ბიზნესი წესების დაცვით თამაშს მოუმზადებელი შეხვდა. 

სექტემბრის ორი „რეკორდი“, ანუ რატომ ძვირდება ცხოვრება?

ფაქტია, რომ სამშენებლო და საბანკო რეგულაციების გამკაცრებიდან მალევე სამშენებლო სექტორი ყველა ძირითადი პარამეტრით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ამ შემცირებამ ჯამში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 9.6 პროცენტი, ხოლო მეორე კვარტალში 4.6 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ გასული წლების მონაცემებსაც თუ გავეცნობით, ვნახავთ, რომ 2017-2018 წლებში სექტორი საშუალოდ 22 პროცენტით იზრდებოდა.

უძრავი ქონების გაყიდვების მოცულობის კლებაზე მიანიშნებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაც. კერძოდ, შემცირებულია უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა. კონკრეტული ციფრების მოყვანა საჭირო არ არის, დაინტერესებულ მკითხველს თავად შეუძლია გაეცნოს. სამშენებლო სექტორში შემცირდა უცხოური ინვესტიციები. ანალიტიკური კომპანიის „თიბისი რისერჩის“ ინფორმაციით, შემცირების ერთ-ერთი მიზეზი მოჭარბებული ფინანსური და სამშენებლო რეგულაციებია. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დარგში ჩაიდო სულ 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 91 პროცენტით ნაკლებია. საყურადღებოა, კიდევ ერთი პარამეტრი: მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჯამურად გაყიდულ უძრავ ქონებაში არარეზიდენტი პირების მიერ შეძენილი ქონების წილიც შემცირდა. „თიბისი რისერჩის“ კვლევით, კლებამ ხუთი ერთეული შეადგინა − 13 პროცენტიდან 8 პროცენტამდე. ანალიტიკური კომპანიის ექსპერტები კლების მთავარ მიზეზად ირანიდან მოთხოვნის შემცირებას ასახელებენ. ირანიდან საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ინტერესის განელებით მხოლოდ დედაქალაქში სამშენებლო სექტორმა დაახლოებით 80 მილიონი დოლარით იზარალა...

სიტყვა გამიგრძელდა და დროა პრემიერ-მინისტრის სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას დავუბრუნდეთ.

გაძვირებული სესხები და ეკონომიკური სტაგნაციის საფრთხე...

ერთი სიტყვით, ორი საათის განმავლობაში გიორგი გახარია ორმოცდაათამდე დეველოპერული და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს უსმენდა. თემა − დარგში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები, ამ პროცესში სახელმწიფოს როლი და სექტორის განვითარების პერსპექტივა. რა ითქვა კონკრეტულად, რას ითხოვს სამშენებლო ბიზნესი, როგორია სახელმწიფოს ხედვა და შედგა თუ არა კონსენსუსი? კითხვებზე არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი. შეხვედრა მასმედიისთვის დახურული იყო და დეტალები მოგვიანებით და ისიც, სავარაუდოდ, არასრულად თავყრილობის შემდეგ გახდა ცნობილი...

დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების დამფუძნებლებმა და ხელმძღვანელებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილეს. პირველ რიგში მათ ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილებათა დროულად მიღებისა და ამ პროცესში დარგის წარმომადგენელთა მონაწილეობის აუცილებლობას. ისაუბრეს საბანკო რეგულაციების ნეგატიური გავლენის ასპექტებზეც. ითქვა, რომ იპოთეკურ სესხზე ადვილად ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ ერთხანს უძრავი ქონების გაყიდვები შეამცირა. დღეს ეს საკითხი მეტ-ნაკლებად დარეგულირდა, მაგრამ დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. იმსჯელეს სამშენებლო სფეროს საკანონმდებლო ბაზაზეც. შეხვედრის მონაწილეებს პრემიერ-მინისტრისთვის უთქვამთ, რომ მშენებლობის დადგენილ ახალ სტანდარტებთან და უსაფრთხოების ნორმებთან პრეტენზია არავის აქვს, მაგრამ არის საკითხები, რომლებმაც პრობლემები გამოიწვია და ეფექტურად უნდა გადაიჭრას. როგორც კომპანია „რედ-კოს“ მენეჯერმა მალხაზ კუნელაურმა განაცხადა, შეხვედრაზე ითქვა, რომ საბანკო თუ საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც პრობლემებს ქმნის, შესაძლებელია გადაიხედოს კიდეც, რაც სირცხვილი არ არის. ისაუბრეს დარგში არსებულ საკადრო დეფიციტზე. როგორც გაირკვა, ეს საკითხი კომპანია „მ2“-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ წამოჭრა.

ხალხის ხმა ციფრებში... ანუ ვის, რა, როგორ და რატომ?

პრემიერ-მინისტრმა რა ბრძანა? − ჩამეიება მკითხველი. ვიცით მხოლოდ ის, რაც გიორგი გახარიამ შეხვედრის დასაწყისში განაცხადა. კერძოდ, მას ესმის, რომ საბანკო თუ სხვა სახის რეგულაციებმა სამშენებლო სექტორს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. სადაც პრობლემების სწრაფად გადაჭრის რესურსია, პრობლემები სწრაფად უნდა გადაიჭრას და სისტემური პრობლემების მოგვარების გზები დაისახოს... სულ ეს არის. შეხვედრის დამთავრების შემდეგ პრემიერ-მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც პრეს-სამსახურმა მოგვიანებით განმარტა, მას სხვა შეხვედრაზე ეჩქარებოდა... და, ბოლოს, კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ გვითხრა, რომ იყო საქმიანი შეხვედრა კონკრეტულ საკითხებზე. მისივე შეფასებით, ბიზნესი სიხარულით შეხვდა მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას − „იქნება მაქსიმალური ჩართულობა, პირდაპირი კომუნიკაცია 24 საათის განმავლობაში“...

რა იგულისხმება ამ მაქსიმალურობის და პირდაპირობის მიღმა, ჯერ უცნობია, მაგრამ იმედია, მალე გაირკვევა...