საგანგაშო სტატისტიკა: სექტემბერში 3 ათასამდე აკრძალული გაზდანადგარი ჩაჭრეს

სტატისტიკის თანახმად, უსაფრთხოების ზომები ყველაზე მეტად სამგორის რაიონში დაირღვა
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა მიმდინარე წლის სექტემბერში ქსელიდან 2,9 ათასზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს, აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზესტაფონში სამი ადამიანი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა

კომპანიის ინფორმაციით, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა, განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები  და წყალგამაცხელებლები.

„თბილისი ენერჯი“კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისევე თქვენი მეზობლებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატისტიკის თანახმად, უსაფრთხოების ზომები ყველაზე მეტად სამგორის რაიონში დაირღვა. კერძოდ,  სექტემბერში  ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში ( 784), ისანი-ვაზისუბანში ( 488 ) და სანზონაში ( 303) ჩაიხსნა.

კიდევ ერთი აფეთქება თბილისში გაზის გამო – არიან დაშავებულები >>

მიმდინარე წლის დასაწყისში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს კი ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა.