ატენის სიონის ტაძართან ტურისტულ ინფრასტრუქტურას აწყობენ

სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლის მარტში დასრულდება
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ატენის სიონი: რა ეტაპზეა ეკლესიის საკონსერვაციო სამუშაოები

პროექტის ფარგლებში აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები და ავტოსადგომი. ასევე, დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.

„პროექტის დასრულების შემდეგ სრულად მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1,2 მლნ  ლარია.

სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლის მარტში დასრულდება.

ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების  ნიმუში ატენის სიონი VII საუკუნის I ნახევარშია აგებული. იგი მდებარეობს  შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში.

სოხუმის შუქურას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა >>

ატენის სიონის ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული  წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენიებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. ძველი ქართული პოეზიის ნიმუშებში წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც.

ატენის სიონის ტაძრის კომპლექსი სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.