2021 წელს მსოფლიო წიგნის დედაქალაქი თბილისი იქნება

ღონისძიების მიზანი წიგნების პოპულარიზაციაა
Sputnik

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ღონისძიებების მთავარი მიზანია კითხვის პოპულარიზაცია და ყველა სოციალური ფენისთვის წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

„მოდით, წიგნებზე ვისაუბროთ!“ – თბილისის ქუჩებში უფასო „ლიტერატურული ტაქსი“ მოძრაობს

2021 წელს, მსოფლიო წიგნის დედაქალაქის ფარგლებში ღონისძიებები წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს, ანუ 23 აპრილს დაიწყება.

ქალაქები, რომლებიც იუნესკო-ს მიერ მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დასახელდება, საკუთარ თავზე იღებენ წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციას და მთელი წლის განმავლობაში ღონისძიებების ორგანიზებას.

პროგრამის ფარგლებში, მოეწყობა ბიბლიოთეკები, გაიმართება წიგნების ფესტივალი ბავშვებისთვის, წარმოდგენილი იქნება ციფრული პროექტები წიგნების თამაშებად გადასაქცევად და საქართველოს პირველი გამომცემლობის აღსადგენად.

თბილისის 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დასახელება ოდრი აზულაიმ მსოფლიო წიგნის დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვიტა.

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას >>

კომიტეტის სხდომა შვეიცარიაში 2019 წლის ივნისში გაიმართა.

2019 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქი შარჯა დასახელდა, 2020 წლის კი – მალაიზიის დედაქალაქი კუალა-ლუმპური.

მსოფლიო წიგნის დედაქალაქის წოდებას იუნესკო 2001 წლიდან ანიჭებს. იმ წელს ეს წოდება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს ხვდა წილად.