ზურაბიშვილმა გაეროში ჯანდაცვის სფეროში საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა გაეროში ქვეყნის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. გზა საქართველოში წარმატებული საყოველთაო ჯანდაცვისაკენ გადის პირველადი სამედიცინო დახმარების გაძლიერებაზე, რათა ის ყველა მოქალაქისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ–იორკში გაეროს ეგიდით მიმდინარე შეხვედრაზე.

რაზე ისაუბრებს ზურაბიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე >>

საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და შეღავათები მედიკამენტებზე გაჭირვებული მოსახლეობისთვის, პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის.

„როდესაც ვამბობ „თანაბარს“, მე ვფიქრობ ჩემს მოქალაქეებზე, რომელთაც უკვე შეუძლიათ, ისარგებლონ ჯანდაცვის სერვისებით ყველაზე დონეზე, რადგან იგი აღარ არის მხოლოდ მდიდრების პრივილეგია“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74–ე სესიის ფარგლებში ჯანდაცვის საკითხებზე მიმდინარე მაღალი დონის შეხვედრაზე.

პრეზიდენტის თქმით, „საყოველთაო ჯანდაცვის სამთავრობო პროგრამამ მოგვცა შესაძლებლობა, აღგვედგინა ადამიანების ღირსება, გადაგვერჩინა მათი სიცოცხლე და დაგვეცვა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლება – ჯანმრთელობის უფლება“.

საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ში ყურძნის ქართულ ჯიშებზე ისაუბრებს

ამასთან, მან შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ სახელმწიფო პროგრამით სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ოფიციალური თბილისის არაკონტროლირებად ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ.

გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება დღეს საქართველოს მოსახლეობის 90%–ისთვის ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წყალობით, მოქალაქეთა ხარჯი 25%–ით შემცირდა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ექვს ჯგუფს მოიცავს: სამიზნე ჯგუფი (5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები, 70 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები, მოზარდები (6–დან 18 წლამდე) და დაბალი არასტაბილური შემოსავლის მქონე მოქალაქეები.

საქართველოს ყველა კლინიკაში სამედიცინო მომსახურების ტარიფი ერთნაირი იქნება >>

ჯგუფიდან გამომდინარე, მთავრობა სრულად ან ნაწილობრივ ფარავს მკურნალობის ხარჯებს.

ზურაბიშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის უნივერსალობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც 2015 წელს ამოქმედდა. С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის ეს პროგრამა მსოფლიოში სანიმუშოდ აღიარეს.

რა სიახლე ინერგება ჯანდაცვის სფეროში 15 იანვრიდან

„ეს პროგრამა შექმნის ქრონიკული დაავადების მედიკამენტური მკურნალობით აღმოფხვრის პრეცედენტს მსოფლიოში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს საქართველოს დელეგაციას გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ნიუ–იორკში. დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ასევე პარლამენტის დეპუტატები.