თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში იქადაგა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში მიმდინარეობს.
წირვას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დეპუტატებიც ესწრებოდნენ.
„ყოველ მარიამს და მთელ საქართველოს ვულოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე, საქართველო წილხვედრია ყოვლაწმიდისა ღვთისმშობლისა. შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა. შეგეწიოთ ღვთისმშობელი დედა, გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს”, - ბრძანა პატრიარქმა.
სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების თვეა. ამასთან დაკავშირებით პატრიარქმა ის ადამიანები დააჯილდოვა, ვისაც აღნიშნულ საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.
„დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავადმყოფობენ კიბოთი. ეს უმძიმესი ავადმყოფობა ღმერთმა გვაშოროს ჩვენ და მთელ მსოფლიოს“, – აღნიშნა პატრიარქმა.
პატრიარქის მიერ, საპატრიარქო სიგელით დაჯილდოვდნენ „ბერი ანდრიას ფონდის“ დამაარსებლები, ბერი ანდრიას მშობლები – ნესტორ მილორავა და თინათინ ჩხვიმიანი. წირვას ფონდის აღსაზრდელებიც ესწრებოდნენ.
ილია მეორემ საქართველოს პრემიერი დალოცა >>
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას დღესასწაულობს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმიდა აღმსარებლების იოანე და გიორგი-იოანეს ხსენების დღეც.