რამ შეუშალა ხელი „ფორსაჟის“ გადაღებებს ნუცუბიძის პლატოზე

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების გადაღებები თბილისში ძლიერი ქარის გამო გადაიდო
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. ნუცუბიძის ფერდობზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც ჰოლივუდური ბლოკბასტერი „ფორსაჟის" გადაღების გამოა შეზღუდული, 22 სექტემბრის ნაცვლად 23 სექტემბრის 00:00 საათზე აღდგება, იუწყება პირველი არხი.

„ფორსაჟის" გადაღებებები გრძელდება: გამოცხადდა შეზღუდვების ახალი გრაფიკი

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო. თბილისში შაბათს ძლიერი ქარი ამოვარდა, ქალაქის რამდენიმე უბანში ქარმა ხეები წააქცია.

ნუცუბიძის ფერდობზე გადაკეტილია დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე).

აქედან გამომდინარე, ჟღენტისა და ვარაზის ქუჩებიდან დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეზღუდულია. დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება შეუძლებელია ნუცუბიძის ფერდობის მესამე მიკრორაიონიდანაც, ხოლო ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან დაშვებულია მოძრაობა ბერიტაშვილის, მაჭავარიანის ან კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით.

დათუაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო შეცვლილია N88 და N99 ავტობუსების მარშრუტები.

ქარიშხალი თბილისში: დოლიძის ქუჩაზე 2 ადამიანს ხე დაეცა

მერიის ცნობით, გადაღებების პერიოდში დროებით დაინიშნება დამატებითი ავტობუსი, რომელიც პლატოს მე-5 მიკრორაიონიდან მეტროს სადგურ „დელისამდე" იმოძრავებს. ავტობუსი ვარაზის, ჟღენტის და ნუცუბიძის ქუჩების გავლით იმოძრავებს. რაც შეეხება N63 და N107 ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს, მათი მარშრუტები უცვლელი დარჩა.

უსაფრთხოებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ზემოაღნიშნულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

„ფორსაჟის“ გიჟური რბოლები თბილისის გულში – სანახაობრივი ფოტოები >>

საქართველოში „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღება 19 აგვისტოდან დაიწყო. კინომწარმოებელი კომპანია Universal-ი ხუთწუთიან ეპიზოდებს იღებს ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე რუსთავში. გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 32 მლნ ლარი დაიხარჯება.