თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ 25 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომას მართავს. ამის შესახებ აღნიშნულია რეგულატორის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 4 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე გაზარდა.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გამოანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
ეროვნულმა ბანკმა 4 სექტემბრის სხდომის შედეგებით განაცხადა, რომ მზადაა განაგრძოს პოლიტიკის გამკაცრება, სანამ ზეწოლა გაცვლით კურსზე არ შესუსტდება.
პოლიტიკის გამკაცრებას გაცვლით კურსზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია – თუ 4 სექტემბერს კურსი შეადგენდა 2,9683 GEL/$1-ს, 20 სექტემბერს მან 2,9738 GEL/$1-ს მიაღწია.
ლარის დღევანდელი გაუფასურების სამომავლო პრობლემები>>
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტის შედეგებით აღნიშნა, რომ მზარდი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში სათანადოდ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით და შემდგომი ზრდა დააანონსა, თუ ინფლაციური ზეწოლა გაგრძელდებოდა.
„მისია აღიარებს, რომ ბოლო თვეებში ლარის გაუფასურება, შესაძლოა, აისახა ქართულ ოჯახებსა და საწარმოებზე, განსაკუთრებით კი მათზე, ვინც სესხი უცხოურ ვალუტაში აიღო", – ნათქვამია მისიის ანგარიშში.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები" თავის კვლევაში აღნიშნა, რომ 1 აგვისტოსთვის მცურავი საპროცენტო განაკვეთით გაცემული იყო დაახლოებით 98,3 ათასი კრედიტი, რომელთა უმეტესობა რეფინანსირების განაკვეთს არის მიბმული. კრედიტების საერთო მოცულობამ 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით, ეროვნული ბანკის პოლიტიკის გამკაცრებამ შეიძლება ამ საკრედიტო რესურსების გაძვირება გამოიწვიოს.
ეროვნულმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გეგმური სხდომა 23 ოქტომბერს გაიმართება.