საპატრულო პოლიციის ავტომანქანას აგარასთან ტრაილერი შეეჯახა: მძიმედ დაშავდნენ პოლიციელები

ერთ-ერთ დაშავებულ პოლიციელს თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ორი პოლიციელი დაშავდა დაბა აგარასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ავარია ზუგდიდში: სასწრაფო დახმარების მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა გზის სარეზერვო ზოლში იყო გაჩერებული, რა დროსაც მას დასავლეთის მიმართულებით დიდი სისწრაფით მოძრავი ტრაილერი უკანა მხრიდან შეეჯახა.

მომხდარის შედეგად, საპატრულო ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ორივე წევრი, პატრულ-ინსპექტორები: გ.ტ. და გ.ხ.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ქარელისა და გორის სამკურნალო დაწესებულებებში მალევე გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, გ.ტ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, გ.ხ.-ს მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი, 1988 წელს დაბადებული გ.ტ. ქარელის საავადმყოფოდან თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადმოიყვანეს“, - აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე.

კლინიკის დირექტორმა დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაცია გაავრცელა.

„საჭირო გახდა ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება, რაც ჩატარდა კიდეც მიუხედავად თავისი სირთულისა და გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. დაზიანებები ამ დროისთვის გამოიხატა ძირითადად თავის არეში, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, რის გამოც ჩაუტარდა ოპერაცია და მიმდინარეობა ინტენსიური მონიტორინგი. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა“, – განუცხადა პირველ არხს ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მარინე გელანტიამ.

საშინელი ტრაგედია: 19 წლის ქართველი მორაგბე ავარიამ იმსხვერპლა

ვეძებ ახალგაზრდა ქალბატონს, რომლის ხელში დალია სული ჩემმა შვილმა – დედის ემოციური მიმართვა >>

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.