სამსონ ხონელი
წინამდებარე სტატიით ვეცდები ჩვენი დროების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების განწყობა გაგაცნოთ. არავინ იფიქროს, რომ ამ რთულ საქმეში მარტო ვიქნები, აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს მოვიშველიებ. მოგეხსენებათ, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია პერიოდულად საზოგადოებრივ აზრს იკვლევს და შედეგებს ასაჯაროებს.
ასე იყო ამა წლის ზაფხულის ცხელ დღეებშიც... საველე სამუშაოები 13−29 ივლისის პერიოდში ჩატარდა, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით სულ 2131 რესპონდენტი გამოიკითხა. მონაცემები დამუშავდა და შედეგები სექტემბრის პირველი ნახევრის ბოლოს გამოცხადდა. საშუალო ცდომილება +/- 1.7 პროცენტის ფარგლებში განისაზღვრა. საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, საბანკო რეგულაციები, კომუნალური გადასახადები, დასაქმება, ადამიანის უფლებები − ასეთია საკითხების არასრული ჩამონათვალი.
სხვისი არ ვიცი, მე კი არ გამიკვირვებია, რომ ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. იმედია, არავინ ჩამეძიება, თუ რატომ. თუ ასეთი ვინმე ერთი მაინც არის, რა გაეწყობა, მოკლედ განვმარტავ – ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ფასების ზრდა, უმუშევრობა, ცხოვრების გაძვირება თუ ჩვენი დროების სხვა მრავალი „სიკეთე“ ხომ ნეგატიურად აისახება ხალხის განწყობაზე.
გამოკითხულთა 49 პროცენტი ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ისე, ჩემეული შეფასებით, ჩვენში დიდი ხანია აღრეულია და ვერავინ აკონკრეტებს, რა არის სწორი და არასწორი. ეს სენტენცია მხოლოდ ქვეყნის განვითარებას როდი ეხება. მოსახლეობისთვის უცვლელია მთავარი ეროვნული საკითხების ნუსხა, პირველი სამეული კვლავ ეკონომიკას უკავშირდება – სამუშაო ადგილები 48 პროცენტით, ფასების ზრდა და ინფლაცია 34 პროცენტით და სიღარიბე 33 პროცენტით. ისიც უნდა ითქვას, რომ პრობლემური საკითხების ნუსხას ამჯერად მოსახლეობაში ეკონომიკური უთანასწორობის განცდაც დაემატა. 70 პროცენტის აზრით, საქართველოს ეკონომიკა საზოგადოების მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს აძლევს სარგებელს. გამოკითხულთა 12 პროცენტი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ყველა მოქალაქეს თანაბრად აძლევს სარგებელს, ხოლო 9 პროცენტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა არავისთვის არის სარგებლის მიმცემი.
საინტერესოა, როგორია გამოკითხულთა მოსაზრებები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობზე, საკუთარ შემოსავლებზე, ხარჯებზე, საბანკო ვალდებულებებზე, დასაქმებასა და სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხზე.
ჩვენი ყოფის შემხედვარე, მკითხველს, დარწმუნებული ვარ, არ გაუკვირდება, რომ რესპონდენტთა 63 პროცენტი ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას უარყოფითად აფასებს. არსებულ ვითარებაზე ვინ არის პასუხისმგებელი? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი და გეტყვით, რომ კვლევის შედეგები ამ კითხვაზეც იძლევა პასუხს. გამოკითხულთა 84 პროცენტის აზრით, ეკონომიკურ პრობლემებზე ხელისუფლებაა პასუხიმგებელი. რესპონდენტები მთავრობის მისამართით არც რეკომენდაციებს იშურებენ. მოსახლეობის 35 პროცენტი ფიქრობს, რომ მთავრობას ეკონომიკაში გარკვეული როლი უნდა ჰქონდეს და მან რეგულაციებიც უნდა შემოიღოს. 23 პროცენტის აზრით, მთავრობა არ უნდა ერეოდეს ბიზნესსა და ეკონომიკაში, ხოლო 22 პროცენტი ამბობს, რომ მთავრობამ ეკონომიკის სხვადასხვა დარგი უნდა აკონტროლოს და მეწარმეობა განავითაროს. რამდენად დაუგდებს ყურს მთავრობა ხალხის ხმას, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ვნახოთ, როგორ აფასებს გამოკითხული მოსახლეობა საკუთარ ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას.
კვლევის შედეგებით, რესპონდენტების დიდი უმრავლესობა საკუთარ თავს საშუალო და დაბალ ეკონომიკურ საფეხურზე მდგომად აღიქვამს. გამოკითხულთა 43 პროცენტი ამბობს, რომ უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ. 21 პროცენტის ფინანსური მდგომარეობა ხუთი წლის წინანდელთან შედარებით გაუმჯობესებულა. 63 პროცენტი ამბობს, რომ წინა თვეში მათი ოჯახის შემოსავალი 800 ლარამდე იყო. 20 პროცენტი კი 801 ლარზე მეტს ასახელებს, ხოლო გამოკითხულთა 5 პროცენტის შემოსავალი 1200-1600 ლარი იყო...
ირკვევა, რომ შემოსავლებიდან ყველაზე მეტი კვლავაც საკვებში, კომუნალურ გადასახადებში, მედიკამენტებსა და საბანკო ვალდებულებებზე იხარჯება. თუმცა, როგორც გამოკითხულთა თითქმის ნახევარი აღნიშნავს, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ოჯახს კომუნალური გადასახადების დასაფარად ფული არ ჰქონდა. კი მაგრამ სესხებას რა ედგა წინ?! − შესაძლოა, ახლაც ჩამეძიოს მკითხველი და განვმარტავ, რომ ეს არც ისე მარტივია. თავად განსაჯეთ, 54 პროცენტის აზრით, მის ოჯახს მოულოდნელად 300 ლარი რომ დასჭირდეს, ის უპროცენტოდ ფულის სესხებას ვერ შეძლებს. ერთ-ერთი გამოსავალი ბანკისგან სესხის აღებაა − ბრძანებთ თქვენ და უპასუხოდ არც ამ რეპლიკას დავტოვებ. გამოკითხულთა 72 პროცენტს არ სჯერა, რომ კომერციული ბანკები კარგი პირობებით შესთავაზებენ სესხს. რაკი სიტყვა კომერციული ბანკი და კრედიტი ვახსენე, იმასაც გეტყვით, რომ რესპონდენტთა 34 პროცენტისთვის გასულ წელს ამოქმედებული საბანკო რეგულაციები მიუღებელია. გამოკითხულთა თითქმის მეოთხედი იმასაც აღნიშნავს, რომ საბანკო ვალდებულების დაფარვას დროულად ყოველთვის ვერ ახერხებს.
კიდევ ერთი მწვავე პრობლემა დასაქმებაა. კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 61 პროცენტი თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, მათგან 23 პროცენტი უმუშევრობის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. 19 პროცენტი ამბობს, რომ მუშაობაში სხვა მოვალეობები უშლის ხელს. გამოკითხულთა 17 პროცენტი აღნიშნავს, რომ სამსახურს პირადი კავშირების უქონლობის გამო ვერ პოულობს, 12 პროცენტის თქმით, ის ასაკის გამო ვერ საქმდება, ხოლო 9 პროცენტი უთითებს, რომ ვერ პოულობს სამსახურს, რომელიც მის უნარებს შეესაბამება. დაუსაქმებელთა 7 პროცენტს მუშაობა არ სურს, ხოლო 5 პროცენტი აღნიშნავს, რომ მუშაობისთვის შესაბამისი განათლება და უნარები არ აქვს. საგულისხმოა, რომ მათგან, ვინც ირჯება, 57 პროცენტს არ სჯერა, რომ როდესაც პენსიაზე გავა, საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხით ისარგებლებს...
ერთი სტატია ყველა საკითხს ვერ დაიტევს, ნაწილს მომავლისთვის დავიტოვებ, თუმცა ორიოდე სიტყვას მაინც მოგახსენებთ. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული საკითხებისადმი პოზიცია უცვლელია. რესპონდენტთა 78 პროცენტი საქართველო ევროკავშირში, ხოლო 71 პროცენტი კი ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
და, ბოლოს, კვლევის ავტორებისთვის რატომღაც კვლავ აქტუალურია 28 წლის წინანდელი მოვლენა და მისდამი დამოკიდებულება. გამოკითხულთა 41 პროცენტი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი მოვლენა იყო... თქვენ ყურადღებას მივაპყრობ, რომ მიმდინარე წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევით, ეს მაჩვენებელი 39 პროცენტი იყო. რაზე მიანიშნებს ეს ტენდენცია? არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენში წარსულის ნოსტალგია მძლავრობს...