აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიური კვლევის შედეგებმა აჩვენა საქართველოს მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასთან და იმასთან დაკავშირებით, თუ ზოგადად როგორ ვითარდება ქვეყანა.
გვენეტაძე NDI-ს გამოკითხვაზე: „ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის კარგი მაჩვენებელია" >>
ხელისუფლება აღიარებს, რომ საქართველოში ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მთავრობამ აირჩია, ქვეყანას ეხმარება „გარე შოკებთან“ გამკლავებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარის თქმით, მოქალაქეებს აინტერესებთ არა ინიციატივები და რეფორმები, არამედ ის, თუ როგორ წყვეტენ რიგითი ჩინოვნიკები მათ პრობლემებს.
NDI — ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივ აზრს 2009 წლიდან სწავლობს. გამოკითხვა NDI-ს დაკვეთით ჩაატარა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი" (СRRС). ფინანსურ მხარდაჭერას დიდი ბრიტანეთის მთავრობა უწევდა.
საჭირბოროტო პრობლემები
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა (49%) მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 30%-სთვის ქვეყანა კვლავ ერთ ადგილზეა გაჩერებული. კმაყოფილი მხოლოდ გამოკითხულთა 18% აღმოჩნდა.
კითხვაზე „რომელი ეროვნული საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის" გამოკითხულთა 48%-მა უპასუხა: სამუშაო ადგილები. მეორე ადგილზე არის ფასების ზრდა (34%), ხოლო მესამე ადგილზე სიღარიბე – 33%.
საკუთარ თავს დასაქმებულად გამოკითხულთა მხოლოდ 38% თვლის, 61% კი არა.
სამუშაოს არარსებობის მიზეზი შემთხვევათა 22%-ში ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო, ხოლო 17%-ში – კავშირების არარსებობა. გამოკითხულთა 19% ვერ მუშაობს სხვა ვალდებულებების შესრულების გამო, ხოლო 12% – ასაკის გამო.
ოჯახის შემოსავლები
გამოკითხულთა რაოდენობა | ჯამი |
63% | <800 ლარი |
20% | >801 ლარი და მეტი |
16% | კითხვაზე არ უპასუხეს |
ყველაზე დიდ თანხას გამოკითხულთა 76% ხარჯავს საკვებზე, 62% – კომუნალურ მომსახურებაზე, 38% – მედიკამენტებზე, 30% – კრედიტებზე/განვადებაზე/იპოთეკური სესხის გადახდაზე.
ეკონომიკა და საპენსიო რეფორმა
საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას ძალიან ცუდი უწოდა გამოკითხულთა 63%-მა, საშუალო შეფასება მისცა 31%-მა. გამოკითხულთა 4% კმაყოფილია ეკონომიკით.
საქართველოს ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეა ტურიზმი. ასე მიაჩნია გამოკითხულთა 48%-ს. შემდეგ მოდიან სოფლის მეურნეობა (31%) და ქარხნული წარმოება და მრეწველობა (6%).
უფრო მეტიც, გამოკითხულთა უმრავლესობა არ ენდობა საპენსიო რეფორმას, რომელიც საქართველოში წელს დაიწყო. კითხვაზე „გჯერათ თუ არა, რომ პენსიაზე გასვლისას დაგროვილი თანხის გამოყენებას შეძლებთ", გამოკითხულთა 57%-მა უარყოფითი პასუხი გასცა. საპენსიო რეფორმის წარმატების გამოკითხულთა 30%-ს სჯერა.
საგარეო პოლიტიკა
მოსახლეობის განწყობა საქართველოს ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით კვლავ მაღალი რჩება. გამოკითხულთა 78%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 14% წინააღმდეგია.
კვლევის თანახმად, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსში შესვლის მომხრეა გამოკითხულთა 71%, უარყოფითი პასუხი გამოკითხულთა 17%-მა გასცა.
კითხვაზე „ზოგადად, თქვენი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი თუ ცუდი მოვლენა იყო", გამოკითხულთა 49%-მა უპასუხა „კარგი", ხოლო 41%-მა – „ცუდი".
ექსპერტის თვალსაზრისი
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვა სინამდვილეს არ შეესაბამება.
„მე საერთოდ არ ვენდობი ამ სოციოლოგიურ კვლევებს, რადგან დღეს ისინი გამოიყენება არა იმის გასარკევად, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში რეალურად, არამედ მოსახლეობაში გარკვეული განწყობის შესაქმნელად. ეს შედეგები ყოველთვის არ შეესაბამება სინამდვილეს... დღეს უფრო ხშირად სოციოლოგიური კვლევები განსხვავებულ როლს ასრულებს – ცდილობენ მათთვის სასურველი ფონი შექმნან. და როდესაც ისინი აცხადებენ შედეგებს, ეს უფრო სასურველია, ვიდრე რეალური", – აცხადებს კიკნაძე.
NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევა 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუების ფორმატში გამოიკითხა 2,1 ათასზე მეტი რესპონდენტი ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის, კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/– 1,7%.