გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა 8 სექტემბერს დაამტკიცა.
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გახარიამ პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავრობა გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს. მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს განიხილავს.

გახარიას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტზე კვლავ რჩება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ასევე ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

„პირველ რიგში მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენ კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს – ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე მინდა გითხრათ, რომ კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი, ერთი გახლავთ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და მეორე გახლავთ თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, ისინი ჩვენი გუნდის ძველი, გამოცდილი, ძლიერი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს", – განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის სხდომები ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე გაიმართება.

მაია ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი 2018 წლის მარტში დაიკავა. მინისტრობის წელიწად-ნახევრის განმავლობაში მისმა უწყებამ ბევრი პროექტი განახორციელა.

ვინ ვინ არის და რას აკეთებს, ანუ გიორგი გახარიას მინისტრების დოსიე

რაც შეხება თეა წულუკიანს, ის საქართველოს მთავრობაში ყველაზე სტაჟიანი მინისტრია. მისთვის გიორგი გახარია რიგით მეხუთე პრემიერია. წულუკიანს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა 2012 წლიდან უკავია. 2018 წელს მისი უწყება კიდევ უფრო გაფართოვდა და ახლა პატიმრებისა და პრობაციონერების საქმეებითაც არის დაკავებული.

გახარიამ მთავრობის შემადგენლობაში უმნიშვნელო ცვლილებები განახორციელა – შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ვახტანგ გომელაური ჩაუდგა, რომელიც მრავალი წელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, თავდაცვის უწყება კი საქართველოს ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა, რომელიც მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი იყო. რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს ლევან იზორიას, იგი საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი გახდა.

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობის ახალ შემადგენლობას და მის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა. ქვეყნის ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურა პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა