თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მონაწილე ქართველ სამხედროებს ესტუმრება, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ქართველი სამხედროები ავღანეთში გადასროლისთვის სამშობლოში მოემზადებიან >>
ღარიბაშვილი ოთხშაბათს თბილისში სამხედრო მართვის ცენტრს სტუმრობდა, სადაც ტელეხიდის მეშვეობით ავღანეთსა და აფრიკაში დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს გაესაუბრა. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს თანადგომა აღუთქვა და განაცხადა, რომ თითოეული მათგანის მეგობარი იქნებოდა.
ქართველმა სამხედროებმა ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრად დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ამჟამად საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში – მონაწილეობენ.
ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ არასაბრძოლო მისია ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული, რომელთა ფუნქციებიცაა ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების წვრთნა და სწავლება.
საქართველოდან მისიაში 872 სამხედრო პირი მონაწილეობს. ისინი დისლოცირებული არიან ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარი–შარიფში.