თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ მხარი დაუჭირა დეპუტატ რევაზ არველაძის ინიციატივას ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის შესახებ, რომელიც 2017 წელს გაუქმდა, მისი ფუნქციები კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა.
საქართველოს ახალი მთავრობა დამტკიცებულია >>
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა არველაძემ წერილობით მიმართა ქვეყნის ახალ პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას და ენერგეტიკის სამინისტროს ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა. მისი სიტყვებით, ქვეყნისათვის ორი მნიშვნელოვანი სფეროს ერთ სამინისტროდ გაერთიანების შემდეგ იგი არსებულ გამოწვევებს ვერ უმკლავდება.
„ენერგეტიკა – ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი, როდესაც გაერთიანება ხდებოდა, თუმცა ეს გუნდის გადაწყვეტილება იყო. თუ დაყოფა მოხდება, ამას მივესალმები. გავიმეორებ, ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით“, – განაცხადა კალაძემ ტელეარხ Imedi-ს ეთერით.
ზოგიერთი სამინისტროს დაყოფაზე საუბარი მთავრობაში საკადრო ცვლილებების პროცესში დაიწყო. საქართველოს პარლამენტმა 8 სექტემბერს ნდობა გამოუცხადა მთავრობის ახალ შემადგენლობას გახარიას ხელმძღვანელობით.
გასულ კვირას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატებმა ამ სამინისტროს დაყოფის საკითხი დააყენეს. არ არის გამორიცხული, რომ სამინისტრო არა ორ, არამედ სამ ნაწილად დაიყოს.