თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ბოლომდე დავიხარჯები, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გახდეს უფრო ძლიერი, განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ.
საქართველოს ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც დღემდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტმდივანი იყო, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია შეცვალა.
მისი თქმით, ის გავაკეთებს ყველაფერს, რათა სამხედრო ნაწილების ინფრასტრუქტურა მოეწყოს ისე, როგორც არის მოწყობილი მთელ მსოფლიოში. ასევე მისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლება.
„ჩემი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდები, მომავალი თაობა გამოვტაცო ნარკოტიკებს, კრიმინალს, გავზარდო მათში მოტივაცია, რომ მათთვის ჯარში მოსვლა იყოს საამაყო. ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველა ახალგაზრდა, რომელიც მოვა ჯარში, სხვა ადამიანი გავიდეს ჯარიდან, ადამიანი, რომელიც იქნება მზად ემსახუროს ჩვენს სამშობლოს. მეორე მიმართულება იქნება სამხედრო ინდუსტრიის ახალ ეტაპზე გადაყვანა და განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის თავდაცვის მინისტრობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ამავდროულად ეს არის ძალიან საპატიო და საამაყო თანამდებობა. ასევე მან განაცხადა, რომ იზრუნებს იმაზე, რომ ქართველ სამხედროებს უკეთესი სოციალური პირობები ჰქონდეთ.
„მე ვიქნები თითოეული ჯარისკაცის მეგობარი, მათი ფარი ვიქნები. მე მივდივარ მაღალი მოტივაციით და ვაცხადებ, რომ ვიქნები აბსოლუტურად მობილიზებული ჩემი ენერგიით, ჩემი გამოცდილებით. ბოლომდე დავიხარჯები, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გახდეს უფრო ძლიერი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ახალ მთავრობას გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გამოუცხადა.
გიორგი გახარიას მთავრობას 150 დეპუტატიდან მხარი 98−მა დაუჭირა მაშინ, როდესაც 76 ხმა იყო საკმარისი.
ქვეყნის ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურა პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.