დაპირისპირება რუსთაველზე - დაკავებულია სამი ადამიანი

სამივე პირი, მათ შორის ბეჟან გუნავა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებსა და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც სპორტის სასახლეში „პატრიოტთა ალიანსის“ შეკრების შემდეგ პარტიის მხარდამჭერები პარლამენტთან მივიდნენ და უნდოდათ, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები ტერიტორიიდან გაეყვანათ და აქცია თავად გაემართათ. თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ემზარ კვიციანი: ვჯიკაობდი, ხალხისგან ვიცავდი თავს...

„მეც ვაკეთებ აქციას. ესენი არიან დაქირავებული ერის მოღალატეები. დღეს ამ ქათმებმა შეურაცხყოფა მიაყენეს დეპუტატ ემზარ კვიციანს“, – განაცხადა  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ბეჟან გუნავამ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა საპი პირი დააკავეს, რომელთა შორის არის ბეჟან გუნავაც. სამივე პირი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

„სამი პირი არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ისინი, ვინც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, მყისიერად იქნა ზომები მიღებული და დავაკავეთ. მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი მოვიდა აქციაზე, არ დაემორჩილენ პოლიციას და შესაბამისად მოხდა რეაგირება“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ.

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დამტკიცების წინააღმდეგ გამოდიან. მას  პასუხისმგებლობას 20-21 ივნისის აქციის დარბევაზე აკისრებენ.

„პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს იწყებს: შეკრება სპორტის სასახლეში >>

ყველაფერი დაიწყო საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლითა და მისი პარლამენტში გამოსვლით. ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს 240 ადამიანი დაშავდა.