როგორ გავხდეთ საქართველოს წლის საუკეთესო მასწავლებელი? – გამოცხადდა ტოპ-5

საქართველოს უძლიერესი მასწავლებლის ვინაობა 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გახდება ცნობილი.
Sputnik

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში საუკეთესო პედაგოგების ხუთეული გამოვლინდა – თითოეული მათგანი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მიღების პრეტენდენტია, ნათქვამია პრემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ გლობალური კამპანია „მასწავლებლის მსოფლიო პრემიის“ (The Global Teacher Prize) ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილ მასწავლებელს ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცემა.

ეროვნული შერჩევის ეტაპზე საქართველომ ძლიერი პედაგოგების შორტ-ლისტი წარმოადგინა. ხუთეულში შევიდნენ მასწავლებლები თბილისიდან და რეგიონებიდან.

თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას სკოლის მასწავლებელი. ამასთანავე თბილისის №26 საჯარო სკოლაში ასწავლის სახვით და გამოყენებით ხელოვნებას.

ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასებისა და ტექნოლოგიების მასწავლებელი.

მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლა „განათლების” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ქეთინო მერებაშვილი – თბილისის სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ გეოგრაფიის მასწავლებელი.

საუკეთესო მასწავლებლების ხუთეულში ერთადერთი მამაკაცი მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართულისა (როგორც მეორე ენის) და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძეა.

საქართველოში ათი ათასი ახალი პედაგოგია დარეგისტრირებული

წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ შესარჩევ ტურში მთელი საქართველოს მასშტაბით 127 მასწავლებელი იბრძოდა. ფინალისტები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია.

საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელი თბილისში 5 ოქტომბერს – მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება. იგი 10 ათასი ლარის ოდენობით ფულად პრემიას მიიღებს.

გამარჯვებულისთვის სხვა პრიზებიც არის გათვალისწინებული. წელს პრემიას შეუერთდნენ გიმნაზია „შავნაბადა“, თბილისში არსებული ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა და სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“. ბაქსვუდის სკოლა გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების ორკვირიან პროგრამას დაუფინანსებს.

გიმნაზია „შავნაბადა“ სპეციალურ პრიზს გადასცემს საუკეთესო ხუთეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს. სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე” კი საუკეთესო ათეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს პერსონალური კომპიუტერით დააჯილდოებს.

გარდა ამისა, საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ პრემიის მხარდამჭერ კამპანიას იწყებს. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიღონ ფულადი შემოწირულობა ჯილდოს საპრიზო ფონდში და თავიანთი წვლილი შეიტანონ მასწავლებლის პროფესიის განვითარებაში.

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2017 წლის 13 მაისს განათლების კოალიციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაწესდა.

2018 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული გახდა სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა. სწორედ ის გაემგზავრა დუბაიში საერთაშორისო კონკურსზე „მასწავლებლის გლობალური ჯილდო“ (The Global Teacher Prize-2019).

აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგების ათეულში შევიდა. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობისთვის ღონისძიების ორგანიზატორთა სახელზე 10 ათასზე მეტი განაცხადი შევიდა მსოფლიოს 179 ქვეყნიდან. კონკურსის გამარჯვებული გახდა კენიელი მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი, რომელსაც გადაეცა ფულადი პრემია ერთი მილიონი დოლარის ოდენობით.