თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საყოველთაო სახალხო კომისია თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.
2020 წლის არჩევნები ახლებურად ჩატარდება – პარლამენტმა შესწორებებს მწვანე შუქი აუნთო >>
გუშინ დეპუტატებმა კომისიის შემადგენლობა დაამტკიცეს. მას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. კომისიის წევრები იქნებიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოთხი დეპუტატი, ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატი და თალაკვაძის ორი მრჩეველი.
კომისიამ უკვე ჩაატარა პირველი სხდომა, რომელზეც საორგანიზაციო საკითხები განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცვლილებებზე იმსჯელებენ როგორც დედაქალაქში, ისე 10 რეგიონულ ქალაქში.
შეხვედრები მოსახლეობასთან ერთ თვეს გაგრძელდება, რის შემდეგაც დამუშავებული პროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება.
კომისია განსახილველად ცვლილებების ერთბაშად ორ პროექტს გამოიტანს. ერთ–ერთი მათგანი ინიცირებულია მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ, მეორე – საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელმაც საქართველოს 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა.
კანონპროექტები მსგავსია იმით, რომ ორივე შემთხვევაში გათვალისწინებულია არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 73 დეპუტატს ირჩევენ მაჟორიტარულ ოლქებში, დანარჩენს კი – პარტიული სიებით.
საარჩევნო მთავრობა თუ ვადამდელი არჩევნების პერსპექტივა >>
რაც შეეხება განსხვავებას, მმართველი პარტია გამოდის არჩევნებში პარტიული ბლოკებით მონაწილეობის აკრძალვის წინადადებით. ამასთან, „ქართული ოცნება“ მზადაა, გააუქმოს საარჩევნო ბარიერი. ამგვარად, პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ყველა ის პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს. მანდატები შემდეგნაირად დაითვლება: არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150–ზე და გაიყოფა საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების საერთო რაოდენობაზე.
საინიციატივო ჯგუფი კი ითხოვს არჩევნებში არა მარტო პარტიების, არამედ გაერთიანებების მონაწილეობასაც. ამასთან, მათი აზრით, არჩევნები 3%–იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს.
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ოპოზიციისა და ახალგაზრდობის მოთხოვნით დააჩქარა. საპროტესტო აქციებზე საზოგადოება შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ იგი ქვეყნის პრემიერ–მინისტრი გახდება.