თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც თანამდებობას ტოვებს, განაცხადა, რომ აღარ აპირებს აქტიურ პოლიტიკაში ყოფნას.
მამუკა ბახტაძე პრემიერის თანამდებობას ტოვებს >>
პრემიერის პოსტიდან წასვლის შესახებ ბახტაძემ თავის Facebook-გვერდზე დაწერა. მან აღნიშნა, რომ მისია შეასრულა, მაგრამ არ აპირებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დატოვებას. ბახტაძემ მადლობა გადაუხადა პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, ყველა სახელმწიფო მოხელეს, მათ შორის, თავის თანამშრომლებს, ასევე მოსახლეობას მხარდაჭერისთვის.
„მე ვიქნები ჩვენი პოლიტიკური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და თუ ჩემი პირადი მოსაზრება და შინაგანი განწყობა გაინტერესებთ, ჩემი შინაგანი განწყობა მართლაც არ არის დავკავდე აქტიური პოლიტიკით. რასაკვირველია, გუნდს, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ, აქვს თავისი შეხედულება. მინდა მთავარი აღვნიშნო – საჯარო პოლიტიკაში მოვედი კონკრეტული მიზნითა და ამოცანით, რომლებიც შესრულდა“, – განაცხადა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ამასთან მან უარყო გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ მომავალში იგი შესაძლოა მინისტრთა კაბინეტში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ვიხილოთ.
გახარია სჭირდება, ღარიბაშვილს კი ენდობა – ვისზე დადებს ფსონს ივანიშვილი >>
ბახტაძის სიტყვებით, პირველი საუბარი მის წასვლაზე პრემიერის თანამდებობიდან გაზაფხულის ბოლოს დაიწყო. საბოლოო კონსულტაციები კი გუშინ გაიმართა.
„ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა სტრატეგიული განვითარების ჩარჩო, დაგვეწყო მისი დანერგვა და უზრუნველგვეყო მისი მდგრადობა. ეს გაკეთდა და არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, გაზაფხულის ბოლოს მე მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ საკითხის ინიცირება თავად გამეკეთებინა. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ თავიდან, როდესაც ჩემი მხრიდან იყო ეს საუბრები, არ იყო მაშინვე თანხმობა და იყო აზრთა სხვადასხვაობა. მოგეხსენებათ, ეს რამდენიმე თვეს გაგრძელდა“, – აღნიშნა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძე ქვეყნის მთავრობას სათავეში 2018 წლის ივნისში ჩაუდგა. ქართული მასმედიის ვარაუდით, საქართველოს პრემიერი შესაძლოა გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.