სასტუმროების ბიზნესი საქართველოში: რეალობა და პერსპექტივები

1 სექტემბრიდან საქართველოში სასტუმროების მფლობელთა დახმარების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება
Sputnik

 

რობინზონ ნაჭყებია

სასტუმროების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან საქმედ ითვლებოდა. ტურისტების მატების ფონზე ინვესტიციები ახალი სასტუმროებისა და ჰოსტელების მშენებლობაში მუდმივად იზრდებოდა. თუმცა, 2019 წლის ზაფხულის მოვლენებმა აღნიშნული მიმართულების პერსპექტივა ეჭვქვეშ დააყენა.

რამდენი სასტუმროა საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2018 წლის ბოლოს ქვეყანაში 1,6 ათასზე მეტი სასტუმრო მუშაობდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 2,8%-ით მეტია. ქვეყნის სასტუმროებს ერთდროულად შეეძლოთ 72,6 ათასი ადამიანის დაბინავება. 

მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა – აჭარის მთავრობა ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის

შარშან საქართველოს სასტუმროებმა უმასპინძლეს 2,6 მილიონ უცხოელს, რომელთაგან ყოველი მეხუთე რუსეთიდან იყო.

ტურისტების რიცხვის დაპირებული ზრდის მოლოდინში სასტუმროების მფლობელებმა გადაწყვიტეს გაფართოება, რათა მეტი სტუმრის მიღება შეძლებოდათ, თუმცა, მათი გეგმები ჩაიშალა.

რით დაიწყო ყველაფერი

თბილისში ანტირუსული დემონსტრაციების ფონზე მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, რუსულმა ტუროპერატორებმა კი საქართველოს ტურებზე განაცხადების მიღება შეწყვიტეს. 

ჩავარდნილი ტურისტული სეზონი: დაზარალებულებს კრედიტების დაფარვაში სახელმწიფო დაეხმარება

რუსეთიდან ფრენებისა და საქართველოს ტურების გაყიდვის შეჩერების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდა, რადგან პირველი ექვსი თვის განმავლობაში რუსეთი ტურისტების რაოდენობით ლიდერობდა და მათი რაოდენობა ყოველთვიურად მატულობდა. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში განაცხადეს, რომ საქართველოში რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ ზარალმა შესაძლოა 2,1 მილიარდ ლარს მიაღწიოს.

საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქვეყანა 2019 წლის ბოლომდე  1 მილიონ რუს ტურისტს დაკარგავს.

ივლისის მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის ივლისში 6,4%-ით შემცირდა.

 „შექმნილი ვითარების მიუხედავად, ნათელია, რომ რუს ტურისტებს საქართველოს მონახულების სურვილი აქვთ. ჩვენ ველოდით, რომ ივლისი რეკორდული იქნებოდა და ტურისტული ნაკადი გაიზრდებოდა, თუმცა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ასეთი რამ არ მოხდა. ვეცადეთ, ეს ზარალი მინიმუმამდე დაგვეყვანა და პოზიტიურ ტემპს ვინარჩუნებთ“, - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რამდენი იზარალა საქართველომ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეფასებით, ივლისში საქართველომ რუსი ტურისტებისგან 44,3 მილიონი დოლარი დაკარგა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული თანხა დაკარგეს მცირე და საშუალო სასტუმროებმა, კაფე-რესტორნებმა, ტუროპერატორებმა.

საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, რომ ნეგატიური ვითარება განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროზე - ქობულეთსა და ბათუმში - იგრძნობა.

„თბილისში განსაკუთრებული ნეგატივი სასტუმროებზე არ იგრძნობა. სასტუმროების ჯავშნები გაუქმდა, მაგრამ ჩვენ შევძელით რუსი ტურისტების დაახლოებით 50%-ის ჩანაცვლება და ხალხის შემოყვანა სხვა ბაზრებიდან: ევროპიდან და არაბული ქვეყნებიდან. კლიენტები დაკარგეს მცირე სასტუმროებმა, ჰოსტელებმა და კერძო სახლებმა, ძირითადად, აჭარის რეგიონში“, - განუცხადა ალავერდაშვილმა „Sputnik-საქართველოს“. 

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ტურისტულ სფეროს დადებით დინამიკას დაუბრუნებს

ქობულეთში მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელებმა აგვისტოს შუა რიცხვებში გამართეს საპროტესტო აქცია და ხელისუფლებას მიმართეს თხოვნით, დახმარებოდნენ მათ ბანკების ვალების გასტუმრებაში, რომელთა გადახდაც მეწარმეებს ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად გამოწვეული ზარალის გამო აღარ შეუძლიათ.

სასტუმროების მფლობელები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ტურისტების რიცხვის შემცირების გამო. მომიტინგეების სიტყვებით, ტურისტები ჩამოდიან, მაგრამ კურორტებზე რჩებიან მცირე ხნით, ორი-სამი დღით. ამან კი სერიოზულად იმოქმედა ქობულეთის სასტუმროების ბიზნესზე.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეწარმეებს შეხვდნენ და დახმარებას დაჰპირდნენ.

როგორ დაეხმარება სახელმწიფო სასტუმროების მფლობელებს

მთავრობის ინიციატივით, 1 სექტემბრიდან ამოქმედდება „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“.

აღნიშნული პროგრამა - არის სამთავრობო გეგმის ნაწილი, რომელიც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80%-ის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70%-ის თანადაფინანსებას უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში. 

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა აგვისტოში 75%-ით დაეცა

თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეეძლებათ იმ მეწარმეებს, რომლებსაც სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის მიზნით სესხი აქვთ აღებული 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომერს.

თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს: 300 000 ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 000 აშშ დოლარს - აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 000 ევროს - ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში.

დაეხმარება თუ არა პროგრამა სასტუმროების მფლობელებს

სასტუმროების მფლობელები მთავრობის წინადადებით უკმაყოფილო არიან.

„ეს შეღავათი არ არის. ეს დახმარება გაჭირვებულებს დაურიგეთ. ჩვენ სერიოზულად ვიზარალეთ, კრედიტები ერთი წლით გადაგვივადეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მეწარმემ.

ტურიზმის საკითხებში ექსპერტი ნიკო კვარაცხელია ფიქრობს, რომ სასტუმროები, რომლებსაც ტურისტების რიცხვის შემცირების გამო საბანკო კრედიტების გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, უნდა დასთანხმდნენ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ დახმარებას. 

ქართულმა ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენების აკრძალვის გამო მილიონობით ზარალი ნახა

 „მათ მიიღეს კრედიტები კერძო ბანკებისგან. სახელმწიფო ვერ უბრძანებს მათ და ვერ მოახდენს მათზე ზეწოლას ისე, რომ ერთი წლით გადაიდოს ყველაფერი. ვფიქრობ, ისინიც უნდა წავიდნენ დათმობაზე და რამე მოიმოქმედონ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ნაცნობები, რომლებიც ქობულეთში იყვნენ, ამბობენ, რომ ცუდი სეზონი არ ყოფილა“, - განუცხადა კვარაცხელიამ „Sputnik-საქართველოს“.

მისი აზრით, სასტუმროების მფლობელები ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაში არიან, რადგან სეზონი არ გამოვიდა, მაგრამ სახელმწიფო ყველაფერს თავის თავზე ვერ აიღებს.

„ისინი ფიქრობენ, რომ ეს დახმარება მცირეა, მაგრამ სინამდვილეში ეს უკეთესია, ვიდრე არაფერი. გონივრული იქნებოდა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული დახმარების მიღება. ასეთი ღარიბი სახელმწიფოსგან ბევრის მოთხოვნაც არ არის კარგი“, - აღნიშნა ექსპერტმა.