თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. „საქართველოს საპარტნიორო ფონდმა“ ჩინეთის დელეგაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, დელეგაციაში გუანტუნის პროვინციის ქალაქ გუანჯოუს ტუნგუანის ხელისუფლების, საბაჟო სახლის და ასევე ფინანსური ბიუროს ხელმძღვანელი პირები შედიან.
„აქტიურად ვმუშაობთ ჩვენ პარტნიორებთან, თუმცა ჩინეთში ერთობლივი ბიზნეს-პროექტების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი", – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, საქართველოსა და ჩინეთს შორის მთავრობათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის დეტალები, ასევე პოტენციური საინვესტიციო პროექტები და ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის განვითარების პერსპექტივები. ჩინეთის დელეგაციამ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელი სავაჭრო დერეფნის დიდ მნიშვნელობას.
„საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი პერსპექტიულია. ვთვლით, რომ თქვენი ქვეყანა ევროპის ბაზრის გასაღებია და ამ ფაქტს პოზიტიურად ვაფასებთ. საპარტნიორო ფონდი ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება, ამიტომ კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებებს ვამზადებთ", – აღნიშნა შეხვედრაზე ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს ტუნგუანის ზონის მთავრობის საგამოფენო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა.
თბილისი და გუანჯოუ თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ>>
საგანელიძემ გუანჯოუში საქართველოდან ექსპორტის ზრდის ხელშესაწყობად ქართული სავაჭრო სახლის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. ქართული ბიზნეს-სახლი გუანჯოუში 2019 წლის იანვარში გაიხსნა. აქ ქართული პროდუქციის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი.
2017 წლის სექტემბრიდან გუანჯოუში მუშაობს ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური ოფისი. მისი საქმიანობა მიმართულია საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის განვითარებისკენ. ოფისი ქართველ მეწარმეებს ეხმარება ადგილობრივ ბიზნესთან საქმიანი ურთიერთობის მოგვარებაში და მართავს კონსულტაციებს.
შეხვედრაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა ქართველი მეწარმეები მიიწვია საპარტნიორო ფონდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 2020 წლის 16-19 აპრილს გაიმართება.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარეს. დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2018 წლის იანვარში მხარეებმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.
ჩინეთის მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება რამდენიმე პროექტი, მათ შორის, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა. საქართველოს სამშენებლო, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და გზების მშენებლობის სფეროებში დაახლოებით 25 ჩინური კომპანია მუშაობს.
2018 წელს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება.
საქართველოს ჩინეთში გააქვს სპილენძის მადანი, ნატურალური ღვინო და სხვა საქონელი. ჩინეთი საქართველოს ძირითადად ამარაგებს გამომთვლელი ტექნიკით, რეზინის საბურავებითა და სხვა საქონლით.
საპარტნიორო ფონდი არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა. მისი მთავარი დანიშნულება საქართველოში ინვესტიციების წახალისებაა საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით. ამ მომენტისთვის მთავრობა მისი რეფორმირების საკითხს იხილავს.
ფონდის მიზანია თანამშრომლობის განვითარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ეკონომიკის გასავითარებლად. ფონდი ოთხ სექტორში ფუნქციონირებს – ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და უძრავი ქონების. საპარტნიორო ფონდის ფინანსური თანამონაწილეობა პროექტის ჯამური კაპიტალის 49%-ით და პროექტის ჯამური ღირებულების 25%-ით შემოიფარგლება. დანარჩენ კაპიტალს სტრატეგიული ინვესტორი უზრუნველყოფს.