ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

მეგრული „მატრიოშკა“ იმპერატორისთვის: როგორ უმასპინძლეს ქართველებმა ხელმწიფეს

იმპერატორი ალექსანდრე მეორე 1861 წლის 13 სექტემბერს ნოვორისიისკიდან საიმპერატორო იახტა „ლივადიით" სოხუმისკენ აიღო გეზი. იმპერატორს ორი შხუნა: „კელასური“ და „ყაზბეგი“ აცილებდა.
Sputnik

ბესიკ ფიფია

იმპერატორი ალექსანდრე მეორე 1861 წლის 13 სექტემბერს ნოვორისიისკიდან საიმპერატორო იახტა „ლივადიით" სოხუმისკენ აიღო გეზი. იმპერატორს ორი შხუნა: „კელასური“ და „ყაზბეგი“ აცილებდა.

სოხუმის ნავსადგურში ხელმწიფე ნიჩბიან კატარღაზე გადაჯდა და ნავმისადგომისკენ გაემართა. მაგრამ ნაპირზე მოწყობილ ხის პირსზე ალექსანდრე მეორეს დასახვედრად სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის არცერთი წარმომადგენელი არ ჩანდა. ხელმწიფის ამალას თავზარი დაეცა...

თურმე, რა მომხდარიყო. სოხუმის სამხედრო კომენდანტს, პოლკოვნიკ შატილოვს სოხუმის ჩრდილოეთით მდგარ კონცხზე სათვალთვალო პოსტი მიეწყო და იქ დონელი კაზაკები ჩაეყენებინა. შატილოვის დავალებით, კაზაკებს, როგორც კი პირველი თანმხლები ხომალდი გამოჩნდებოდა, ერთი შუშხუნა უნდა გაესროლათ, იმპერატორის ხომალდის გამოჩენა კი უკვე ორის გასროლით უნდა ეუწყებინათ ქალაქისთვის. ამის შემდეგ ჯარი ნავმისადგომიდან იმ სახლამდე უნდა გამწკრივებულიყო, სადაც ხელმწიფე აპირებდა დაბინავებას. 

მეგრული „მატრიოშკა“ იმპერატორისთვის: როგორ უმასპინძლეს ქართველებმა ხელმწიფეს

მაგრამ სოხუმამდე რამდენიმე მილის დაშორებით იმპერატორის იახტამ წინ მიმავალ შხუნა „ყაზბეგს" გაუსწრო და „ლივადია"კონცხიდან პირველი გამოჩნდა. კაზაკებმაც მაშინვე ერთი შუშხუნა გაუშვეს. ხოლო როდესაც მეორე გემი გამოჩნდა და ორი შუშხუნა აუშვეს ჰაერში, „ლივადიას" სოხუმის რეიდზე ღუზა უკვე ჩაშვებული ჰქონდა.

როცა პოლკოვნიკ შატილოვს მოახსენეს, რომ რეიდზე პირველი იმპერატორის დროშიანი იახტა დადგა, გულამოვარდნილმა ძლივს მოასწრო ნავმისადგომზე ხელმწიფის დახვედრა. ხოლო ჯარმა გამწკრივება მაშინღა დაიწყო, როდესაც მეფე უკვე ბინაში შედიოდა...

ალექსანდრე II თავდაპირველად ადგილობრივ თავადაზნაურობასა და წარჩინებულებს შეხვდა, საუზმის შემდეგ კი სოხუმი დათვალიერა. საღამოს 5 საათისთვის იმპერატორი ნავმისადგომზე მივიდა, კატარღაში ჩაჯდა და პლატფორმაზე მდგარ პოლკოვნიკ შატილოვს ასე მიმართა:

„ნახვამდის, გენერალო, გმადლობთ სამსახურისა და იმ წესრიგისთვის, რომელიც სოხუმში ვნახე".

ახალი გენერლისა და მთელი იქ შეკრებილი ხალხის აღფრთოვანებული „ვაშა!" მონარქს „ლივადიის" გემბანზე ასვლამდე მიაცილებდა. 

იახტამ კურსი ფოთისკენ აიღო. მანამდე იქ სამხედრო შხუნა გაეგზავნათ, რათა ფოთელებისთვის მეფე ჩასვლის დრო ეცნობებინა — ღამის 12 საათი. სწორედ ამ დროისთვის უნდა მოემზადებინათ სამდინარო გემი, რომელიც იმპერატორს ფოთის რეიდზე დახვდებოდა და მდინარე რიონით ჭალადიდსა და ქუთაისში წაიყვანდა. 

ტფილისზე შეყვარებული თავადი გაგარინი: ღვაწლი საქართველოსთვის

„ლივადია" ფოთში დანიშნულ საათზე ჩავიდა, მაგრამ სამდინარო გემი არსად ჩანდა. ხელმწიფე არ განრისხებულა, უფრო მეტიც, უკმაყოფილებაც კი არ გამოუხატავს. იახტის მოაჯირს დაყრდნობილი მშვიდად ელოდებოდა სამდინარო გემს. გავიდა ერთი საათი, ორი, სამი... გემი კი არა და არ ჩანდა.

ამალაში მყოფი კონტრ-ადმირალი სკოლკოვი და შავი ზღვის ფლოტის სარდალი ბოგდან გლაზენაპი აღშფოთებულები იყვნენ ასეთი დანაშაულებრივი დაუდევრობით. როცა ღამის სამმა საათმა ჩამოჰკრა, სკოლკოვი გლაზენაპს მიუახლოვდა, მეფისკენ გაახედა, რომელიც ისევ ბნელ ნაპირს გასცქეროდა, და ჰკითხა:

— რას ფიქრობთ, თქვენო აღმატებულებავ, რა მოხდებოდა ახლა აი იქ, მოაჯირთან განსვენებული იმპერატორი ნიკოლოზი რომ მდგარიყო?"

— ის მოხდებოდა, რომ მე და თქვენ ბორტს მიღმა კარგა ხნის წინ აღმოვჩნდებოდით.

ღამის 4 საათისთვის, როგორც იქნა, „შეჩვენებული“ გემიც გამოჩნდა. ფოთის ნავსადგურის კაპიტანი კიტაევი, 60 წლის მოხუცი, იახტის გემბანზე ავიდა და საზღვაო წესდების შესაბამისად უპატაკა ხელმწიფეს. მართალია, მეფეს ერთი უკმაყოფილო სიტყვაც არ უთქვამს, მაგრამ მოხუც მეზღვაურს მაგრად მოხვდა უფროსებისგან. გაცეცხლებული გლაზენაპის კითხვაზე, რატომ დააგვიანა ასე ძალიან, კაპიტანმა აკანკალებული ხელით სამხედრო სალამი მისცა და ენის ბორძიკით აუხსნა, რომ მდინარის ორთქლის გემისთვის ორთქლი მზადდებოდა... 

„ყველაზე წესიერი რუსი“ - კაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა ქართველები

მეორე დღეს ალექსანდრე მეორე სამდინარო გემით მდინარე რიონს აჰყვა და სოფელ ჭალადიდში ჩავიდა, სადაც ის სანადიროდ მიიწვიეს. მეფე საგანგებოდ აგებულ ფანჩატურშიმოეწყო, სავარძელში ჩაჯდა და სიგარა გააბოლა. 10-15 წუთის შემდეგ კი მარეკების ხმა და მწევრების ყეფა მოისმა. ხელმწიფე წამოდგა, თოფი აიღო და ნადირს დაელოდა. უცბად მდელოზე ირემი გამოხტა და… ბალახის ძოვა დაიწყო. მეფემ სასხლეტიდან თითი აიღო, ახლოს მივიდა და მოეფერა ირემს, რომელიც მოშინაურებული ყოფილა.

— ნადირობა დამთავრდა, — თქვა გრაფმა ადლერბერგმა, — ირემი დატყვევებულია!

როგორც გენერალ-ადიუტანტი შჩერბაკოვი ამბობდა, მოშინაურებული ირემი ერთ-ერთ მეგრელ თავადს ეკუთვნოდა.

შემდეგი გაჩერება სოფელ მარანში იყო. ხელმწიფემ სამეგრელოს თავად-აზნაურები მიიღო, ესაუბრა, თურქეთის კამპანიაში გამოჩენილი ერთგულებისა და სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად ისადილა.

სუფრაზე მხოლოდ ქართული კერძები იყო. იმპერატორი და მისი ამალა განსაკუთრებით განაცვიფრა მეგრულმა „მატრიოშკამ". ოთხმა კაცმა შამფურზე წამოცმული მთელი ხარი შემოიტანა, გაჭრეს და იქიდან ხბო ამოიღეს, ხბოდან — ცხვარი, ცხვრიდან — ინდაური, ინდაურიდან — წიწილა, იქიდან კი — შაშვი. ეს ყველაფერი საოცრად არტისტულად და გემრიელად იყო მომზადებული.

მეფემ ვერცხლის აზარფეშით სამეგრელოს კეთილდღეობისა და აყვავების სადღეგრძელო შესვა. შემდეგ აზარფეშა, რომელშიც თითქმის ერთი ლიტრი ღვინო ჩადიოდა, ხელიდან ხელში გადავიდა.   

„გასაოცრად მაგარი ქართველები“ - ალექსანდრ პუშკინის ტფილისური შთაბეჭდილებები

ერთ-ერთმა თავადმა სასმისი ლეიბ-მედიკოს კარელინს მიართვა. მან ცოტა მოსვა და ის იყო, მეზობლისთვის გადაცემა დააპირა, რომ თავადმა ხელები გაასავსავა, საუკუნოვანი წესია, აზარფეშის გადაწოდება არ შეიძლება, თუ მასში ერთი წვეთი ღვინო მაინც არის დარჩენილიო. სხვა რა გზა ჰქონდა — დარბაისელმა ექიმმა დიდი გაჭირვებით გამოსცალა სასმისი და ტაშიც დაიმსახურა.

ალექსანდრე II იმავე საღამოს ქუთაისში ჩავიდა და გენერალ-გუბერნატორ ნიკოლოზ კოლიუბაკინის სახლში გაჩერდა, რომელიც საპატიო სტუმრისთვის განეახლებინათ. პირველ დღეს ხელმწიფემ ქალაქის ხელმძღვანელი პირები, თავადაზნაურობის წარმომადგენლები მიიღო, მერე ჰოსპიტალი და სასწავლებლები დაათვალიერა. მომდევნო დღეს მეჯლისი იყო დაგეგმილი, რისთვისაც ქუთაისში იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ყველა ლამაზმანი შეიკრიბა. მეჯლისი ქალაქგარეთ, წარმტაც ბუნებაში მოწყობილ პავილიონში უნდა გამართულიყო, მაგრამ ორდღიანმა კოკისპირულმა წვიმამ განზრახვა ჩაშლა.

მაშინ ხელმწიფემ მოისურვა, რომ გენერალ-გუბერნატორის სახლში მოეწვიათ იმდენი ქალბატონი, რამდენიც დაეტეოდა.

გენერალ-ადიუტანტ შჩერბაკოვი იხსენებდა:

„წვეულებაზე მარტო ლეკურს ცეკვავდნენ. მაგრამ უნდა გენახათ, რა ლეკური იყო ეს! მე ძველი კავკასიელი ვარ, მაგრამ არც მანამდე და არც მას შემდეგ მზეთუნახავების ასეთი შეკრება, ასეთი კარგი მოცეკვავეები არსად მინახავს. ხელმწიფე წარმოუდგენლად გამოცოცხლდა, ტაშს უკრავდა ლეკურის ტაქტში, ბევრ ქალბატონს გულთბილად ესაუბრებოდა, მეორე დღეს კი მათ უმრავლესობას საკმაოდ ძვირფასი საჩუქრები გაუგზავნა. განსაკუთრებული კეთილგანწყობის გამოსახატად კი გენერალ-გუბერნატორს უბრძანა, დასაჯილდოებლად წარედგინა გუბერნიის ღირსეული თავადები და აზნაურები. ეს წარდგინება იმავე საღამოს დაამტკიცა იმპერატორმა... სულ ჯილდო დაახლოებით 300-მა კაცმა მიიღო"...

ქუთაისში სხვადასხვა თხოვნით იმპერატორთან შეხვედრის მსურველთა შორის იყო თავადის ქალი დადეშქელიანი —  სვანეთის ყოფილი მთავრის, 1857 წელს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის, თავად ალექსანდრე გაგარინის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯილი კონსტანტინე დადეშქელიანის ქვრივი. თავადის ქალი მეფეს გამოუტყდა, რომ ძალიან უჭირა  და შვილებისთვის დახმარება სთხოვა. და იმპერატორმა  მისთვის 6000 მანეთის გამოყოფა ბრძანა.

მესამე დღეს, დაახლოებით დილის 10 საათზე, იმპერატორი ალექსანდრე II ქუთაისიდან იგივე გზით დაბრუნდა ფოთში, იქიდან კი ყირიმში გაემგზავრა...