ნიკოლოზ ბასილაშვილი US Open-ის მეორე წრეში გავიდა

ქართველი სპორტსმენის შემდეგი მეტოქე 18 წლის ამერიკელი იქნება, რომელსაც АТР-ს რეიტინგში 394-ე პოზიცია უკავია.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგში მე-18) „დიდი სლემის" სერიის US Open ტურნირის მეორე წრეში გავიდა. ტურნირი ნიუ-იორკში მიმდინარეობს.

ბასილაშვილმა პირველ რაუნდში მძიმე და დაძაბულ ბრძოლაში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს ხუთ სეტში მოუგო 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3. თამაში სამ საათსა და 43 წუთს გაგრძელდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ US Open-ზე სენსაცია მოახდინა

თამაში, პრაქტიკულად, ყველა კომპონენტში თანაბარი იყო. ეს დაპირისპირება ჩოგბურთელებს შორის მიმდინარე წელს უკვე მეხუთე იყო. ბასილაშვილს ამდენი შეხვედრა არც ერთ ჩოგბურთელთან არ ჩაუტარებია. US Open-ზე გამოსვლამდე პირადი შეხვედრების ანგარიში უნგრელის სასარგებლოდ იყო – 3:1. ახლა ანგარიშში ეს განსხვავება შემცირებულია.

ქართველი სპორტსმენის შემდეგი მეტოქე 18 წლის ამერიკელი ჯენსონ ბუკსბი იქნება, რომელსაც АТР-ს რეიტინგში 394-ე პოზიცია უკავია.

ბასილაშვილი გასულ წელს US Open-ზე მერვედფინალამდე მივიდა, სადაც ესპანელ რაფაელ ნადალთან ოთხ პარტიაში წააგო. ამგვარად, ქართველმა სპორტსმენმა გამომუშავებული 180 ქულა უნდა დაიცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბასილაშვილი АТР-ს რეიტინგში პოზიციების დაკარგვით რისკავს.

ქართველი ჩოგბურთელი АТР-ს რეიტინგში ჩამოქვეითდა>>

US Open „ფლეშინგ მედოუზის" კორტებზე 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 28 619 ათასი აშშ დოლარი. მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.