მთავრობა ანაკლიის პორტის ინვესტორთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტას ელოდება

გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი ინვესტორის გარეშე პროექტის განხორციელება შეუძლებელია, მიიჩნევენ ეკონომიკის სამინისტროში.
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან" ელოდება, რომ Conti group-ს ჩაანაცვლებს ასეთივე გამოცდილი და გავლენიანი უცხოელი პარტნიორი, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ამერიკულმა კომპანია „კონტი ჯგუფმა" კონსორციუმიდან გასვლის შესახებ წინა კვირაში განაცხადა.

„Conti group იყო ის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი სტრატეგიული ინვესტორი „კონსორციუმში", რომელსაც ჰქონდა შესაბამისი გამოცდილება და შესაბამისი ფინანსური რესურსი, რაც თავის დროზე ტენდერის პირობებშიც იყო მოთხოვნილი. ჩვენ ველოდებით, რომ „კონსორციუმი" შეძლებს ამ დანაკლისის ჩანაცვლებას ადეკვატური ფინანსური რესურსის და ადეკვატური გამოცდილების მქონე პარტნიორით, და ეს არის ახლა გამოწვევა", – განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

როგორც უფრო ადრე რეგიონული განვითარების სამინისტროში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი ინვესტორის გარეშე შეუძლებელია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ პორტის მშენებლობის ტენდერში გამარჯვება „კონსორციუმს" სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობამ მოუტანა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამერიკელი უხელმძღვანელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს. კონსორციუმი არის „თიბისი ბანკისა" და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის მიერ დაფუძნებული. კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი).

Conti group-ს აქვს 113-წლიანი ისტორია და დიდი გამოცდილება მრეწველობის სხვადასხვა დარგში, მათ შორის მანქანათმშენებლობაში, ენერგიის განახლებად წყაროებში, ტექნოლოგიებში და სხვ.

პორტის მუშაობის დაწყება 2021 წელს არის დაგეგმილი. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დოკუმენტების წარმოდგენის ვადა გაუხანგრძლივეს>>

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ რაოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

რა პირობა წაუყენა მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“>>

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისათვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.