ყალბი ინფორმაცია საქართველოს მთავრობისგან: რა წერილი მიიღეს ქართველმა ჟურნალისტებმა

ქართულ მედიაში მთავრობის ადმინისტრაციის სახელით ცრუ  ინფორმაცია გავრცელდა
Sputnik

 

თბილისი,  21 აგვისტო  — Sputnik.  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურს მიაჩნია, რომ უცნობმა პირებმა ჟურნალისტებს  ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით საქართველოს მთავრობის სახელით ყალბი დოკუმენტი გაუგზავნეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ორშაბათს მედიის წარმომადგენლების ელექტრონულ ფოსტაზე გაიგზავნა  ცრუ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი თითქოსდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუქმების შესახებ. წერილი გაიგზავნა ელექტრონული მისამართიდან sakargelo.gov@gmail.com. 

კალაძე მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

წერილში ასევე ნათქვამი იყო, რომ საქართველოშ იკრძალება ნადირობა, სამრეწველო თევზჭერა, ხე–ტყის დამზადება და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ყველა მიწა, სასოფლო–სამეურნეოს გამოკლებით, დაცულ ტერიტორიებად გამოცხადდებოდა. მათ დაცვას კი უზრუნველჰყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

 „როგორც ჩანს, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა მთავრობის დისკრედიტაციას და წარმოადგენდა პროვოკაციას, რომელსაც, სამწუხაროდ, წამოეგო კიდეც ზოგიერთი გამოცემა“, – ნათქვამია პრეს–სამსახურის განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ მუდმივ კავშირში იმყოფებიან მედია–საშუალებებთან და ჟურნალისტებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა გადაამოწმონ ესა თუ ის ინფორმაცია.

მთავრობის პრეს–სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს: ადმინისტრაციის ოფიციალური ელექტრონული ფოსტაა pressoffice@gov.ge. უწყება მედიას მოუწოდებს იხელმძღვანელონ  მხოლოდ ამ ფოსტიდან მიღებული ინფორმაციით და არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია.