თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერ-თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომლებსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ყალბ ვებ-გვერდებზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვენ. ისინი უკანონოდ იყენებენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას.
საპენსიო სააგენტო მოსახლეობას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია Pensions.ge და საიტი არ მოითხოვს საბანკო მონაცემების შეყვანას. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად მხოლოდ პირადი ნომერი და პაროლია საჭირო.
თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, მიმდინარეობს გამოძიება.