რამდენი მართვის მოწმობა გაიცა წელს საქართველოში

საქართველოში რთულდება მართვის მოწმობის აღებისთვის პრაქტიკული გამოცდა. ის ორ ეტაპად ჩატარდება
Sputnik

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის შვიდ თვეში 23,4 ათასზე მეტი მართვის მოწმობა გაიცა, ნათქვამია შსს-ს მასალებში.

მთლიანობაში, ქვეყანაში ყოველთვიურად საშუალოდ სამი ათას მართვის მოწმობას გასცემენ.

ყველაზე მეტი - 5 ათასზე მეტი მართვის მოწმობა წელს ივლისში გაიცა.

გასულ წელს 49,1 ათასი მართვის მოწმობა გაიცა. 2018 წლის ბოლოს აქტიურის სტატუსის მქონე მართვის მოწმობების რაოდენობა, 1 მილიონ 233,4 ათასს მიაღწია.

შსს საქართველოს გზებზე კონტროლს ამკაცრებს

შსს-მ მოამზადა შესწორებები, რომლის თანახმად პრაქტიკული გამოცდა მართვის მოწმობის მისაღებად გართულდება, მაგრამ, ამასთან, გაიზრდება თეორიული გამოცდის შედეგების მოქმედების ვადა.

მართვის მოწმობის მიღების გამოცდა ორ ეტაპად ტარდება. მსურველებმა ჯერ უნდა ჩააბარონ თეორიული ნაწილი - 30 წუთის განმავლობაში უნდა უპასუხონ 30 კითხვას. ამის შემდეგ უნდა გადალახონ პრაქტიკული ნაწილი - სწორად შეასრულონ მანევრები სპეციალურ მოედანზე.

ასეთი მოედნები საქართველოს 13 ქალაქშია. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ავტომობილით როგორც მექანიკური, ისე ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

დღეიდან მართვის მოწმობის გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონული ხდება: გაეცანით დეტალებს>>

ხმები იმის შესახებ, რომ პრაქტიკული გამოცდა ქუჩაში გადაინაცვლებს, დიდი ხანია, გავრცელდა. ეს ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს.

კანონპროექტის მიხედვით, პირველი ეტაპი – სპეციალური მანევრები, ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.

სად სჯობს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება?

მცდელობების რაოდენობა ორივე ეტაპზე მოგვიანებით დადგინდება.

შსს-ში დარწმუნებული არიან, რომ გამოცდის გართულების შემდეგ მართვის მოწმობას მიიღებს მხოლოდ ის, ვინც მართლა მზადაა ავტომობილის სამართავად ყველა წესის მიხედვით და ქვეყნის გზებზე არ შექმნის საშიშ ვითარებებს.

სასიამოვნო სიახლე გახდება ის, რომ მეტი დრო მიეცემა მათ, ვინც წარმატებით ჩააბარებს თეორიულ გამოცდას და ვერ გადაუწყვეტია, ან ვერ გადის პრაქტიკულ გამოცდაზე. ამჟამად ამისთვის ერთთვიანი ვადაა. შესწორებების მიღების შემთხვევაში კი ეს ვადა ერთ წლამდე გაიზრდება.

ამ დროისთვის მართვის მოწმობის მიღება, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, შესაძლებელია შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში. გადასახდელია 15 ლარი, ხოლო თუ იმ დღესვე სურს ადამიანს მართვის მოწმობის აღება - 50 ლარი.

მძღოლების საყურადღებოდ! მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმები იზრდება>>

შესწორებების მიღების შემდეგ მართვის მოწმობის მეორე ან მესამე დღეს აღება შესაძლებელი იქნება 40 ლარის გადახდის შემთხვევაში.