პირველი ქართველი იურისტი-მოკრივე რომის ადვოკატთა ფორუმში

„ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ადვოკატს, რომელმაც უცხოეთში პროფესიული განვითარების გზაზე ყველა ეტაპი ღირსეულად გაიარა...
Sputnik

ბექა თავართქილაძე თვლის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, გზადაგზა მისი საქმიანობის დამადასტურებელ ფაქტებს მოგაწვდით და თავად განსაჯეთ, ასეთი შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ კიდევ რის მიღწევაა შესაძლებელი და სასურველი...  იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი გვიდო კარლის სახელობის რომის უნივერსიტეტში გახდა, სამართალმცოდნეობაში დიპლომი და ბაკალავრის ხარისხიც რომში მიენიჭა.

გარდა პროფესიული საქმიანობისა, საზოგადოებრივი აქტივობითაც გამოირჩევა - არის მილანის ბავშვთა სახლის მოხალისე, რომის ქალაქის ეკოლოგ-მოხალისე, იტალიის წითელი ჯვრის საზოგადოების სისხლის დონორი. სერიოზულადაა გატაცებული სპორტით - მოკრივე გახლავთ.

ბატონ ბექას რომში დავუკავშირდით.

პირველი ქართველი იურისტი-მოკრივე რომის ადვოკატთა ფორუმში

- ბექა, თქვენ პირველი ქართველი ხართ, რომელიც რომის ადვოკატთა ფორუმის სრულუფლებიანი წევრი გახდა. თქვენი კარიერის დასაწყისში თუ წარმოიდგენდით ასეთ წარმატებას, თუ გამიზნულად მიდიოდით აქამდე?

- თავიდან სულაც არ ვფიქრობდი, რომ ადვოკატი გავმხდარიყავი. უნივერსიტეტში სწავლის დროს სურვილი მქონდა, რომ გაეროში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში წავსულიყავი სამუშაოდ, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ყოველთვის მომწონდა აზრთა დაპირისპირება, საკუთარი პოზიციის დაცვა, რაშიც, ჩემი აზრით, დიდი როლი ითამაშა კრივისადმი ჩემმა განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ, რადგან ფიზიკური ორთაბრძოლა იურიდიულ დაპირისპირებაში გადავიტანე. 

პირველი ქართველი იურისტი-მოკრივე რომის ადვოკატთა ფორუმში

-რომელია ყველაზე საეტაპო წარმატება თქვენთვის?

- ჯერ სადა ვარ?- ეს მხოლოდ დასაწყისია! ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც გავიმარჯვე კონკურსში, რომელიც რომის ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის პირველ მდივანს ასახელებდა. მაშინ 26 წლის ვიყავი და მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. სახელმწიფო გამოცდა პირველ ცდაზე ვერ ჩავაბარე, ამიტომ ძალიან ძნელი პერიოდი გადავიტანე. შემდეგ იმას მივაღწიე, რომ 72 კონკურენტის წინააღმდეგ გავიმარჯვე, რის შემდეგაც რომის ადვოკატების ფორუმის პრეზიდენტმა, იტალიის უზენაესი სასამართლოს წევრების თანდასწრებით, ოფიციალურ შეკრებაზე, რომის ახალგაზრდა ადვოკატების წარმომადგენლად დამნიშნა. მაშიმ მივხვდი, რომ ბრძოლა უნდა გამეგრძელებინა...

პირველი ქართველი იურისტი-მოკრივე რომის ადვოკატთა ფორუმში

უფრო ნათელი წარმოდგენა რომ შეგექმნათ მის პროფესიონალიზმზე, გაგაცნობთ ქართველი ადვოკატის კარიერული წინსვლის ეტაპებს:

2010 წლის ოქტომბერი -2011 წლის თებერვალი- სტაჟირება იურიდიული ფირმაში „ფრეშფილდ ბრუკჰაუზ დერინგერ“.

2011 თებერვალი -2011 აგვისტო-სტაჟირება რომის იურიდიულ ფირმაში „კარაბა და პარტიორები“;

2011 -2015 წლის  აპრილი- გვიდო კარლის  სახელობის რომის უნივერსიტეტის  დოქტორანტურა;

2014 სექტემბერი - 2016 წლის მარტი - იტალიური იურიდიული ფირმის „სტიგონის“ იურისტი;       

2014დეკემბერი- 2016 დეკემბერი - რომის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პირველი მდივანი;

2016 წლის აპრილი - 2018 წლის აგვისტო - მილანის საარბიტრაჟო პალატის უფროსი თანამშრომელი;

2018 წლის ნოემბერი-2019 წლის მაისი - ლონდონის კინგს კოლეჯის მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი;

2018 წლის მარტიდან -დღემდე იტალიის მარკეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი;

2018  წლის 25 ივნისი - რომის ადვოკატთა ფორუმის წევრი.

პირველი ქართველი იურისტი-მოკრივე რომის ადვოკატთა ფორუმში

-საინტერესოა, დღევანდელი გადასახედიდან რას შეცვლიდით ქართულ კანონმდებლობაში?

-პირველ რიგში, აუცილებლად მიმაჩნია, რომ მოსამართლეები პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი გახდნენ; ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო სისხლის სამართლის

თვალსაზრისით, არამედ ამას დიდი ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს. იმის მტკიცება, რომ საქართველო „ბიზნეს-ფრენდლი“ ქვეყანაა, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ უცხოელმა ინვესტორებმა საქართველოში თანხები ჩადონ. თუ ყოველი მთავრობის გამოცვლას ანგარიშსწორება მოჰყვება, მოსამართლეების დასტურით, საქმე შორს ვერ წავა. იტალიამ შეიძლება ნაკლებად „ბიზნეს-ფრენდ“ ქვეყნად წარმოაჩინოს თავი, მაგრამ სინამდვილეში აქ შედარებით უფრო სტაბილური სამართალწარმოების გარემოა შექმნილი.

პირველი ქართველი იურისტი-მოკრივე რომის ადვოკატთა ფორუმში

- რა ასოციაციებს იწვევს თქვენში საქართველო, რომელიც იტალიასთან ერთად (მეორე, თუ ისევ პირველ) სამშობლოდ მიგაჩნიათ?

- მე საქართველოში ვარ დაბადებული და გაზრდილი კი იტალიაში. არასდროს დავივიწყებ ჩემი ბავშვობის სახლს თბილისში, ნაძალადევის რაიონში. ჩემი ბებიისა და ბაბუის სახლს ქვიშხეთში და ასევე ვერ ვუარყოფ იმ განათლების მნიშვნელობას, რაც იტალიაში მივიღე. ეს ნიშნავს, რომ ვიზიარებ ორივე კულტურას: ჩემი ფესვები საქართველოშია, მაგრამ ჩემი შეხედულებების ჩამოყალიბება საერთაშორისო გარემოში (რომი, ვენეცია, მილანი, კანი, პარიზი, ლონდონი) მოხდა...

პირველი ქართველი იურისტი-მოკრივე რომის ადვოკატთა ფორუმში

-ამ ორ ერს ხშირად ადარებენ ერთმანეთს, თუ არის შესაძლებელი იმის გარკვევა ვინ უფრო კანონმორჩილია - ქართველი თუ იტალიელი?

-მართალია, ბევრი საერთოა ქართველებსა და იტალიელებს შორის, განსაკუთრებით სამხრეთ-იტალიელებთან, თუმცა, შედარება კანონმორჩილების თვალსაზრისით,

შეუძლებელია, ვინაიდან იტალიის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 34 000 ევროა, მაშინ როდესაც საქართველოში მხოლოდ 3500 დოლარია იტალიაში ბოლო ომი 70 წლის წინ მოხდა, საქართველომ კი ბოლო 30 წლის განმავლობაში სამი მძიმე ომი გადაიტანა. 

აქედან გამომდინარე, საერთო სოციალური მდგომარეობის ძირეული განსხვავების გამო, კანონმორჩილების კრიტერიუმით საზოგადობების შეფასება სწორად არ მიმაჩნია.

პირველი ქართველი იურისტი-მოკრივე რომის ადვოკატთა ფორუმში

- უსამართლობის დროს თუ „იღვიძებს“ ხოლმე თქვენში მოკრივე?

-ზოგადად უსამართლობის დროს მიჭირს ხოლმე თავის შეკავება... ამასთან დაკავშირებით ერთი ინციდენტი მინდა გავიხსენო. როცა ლონდონის კინგს კოლეჯში სამუშაოდ ჩავედი, პირველივე ღამეს განათებულ ლონდონის ქუჩებში სავახშმოდ გავედი. კოლეჯთან ახლოს დავიხე, რომ ახალგაზრდა ბიჭი გოგონას სცემდა. მივუახლოვდი და ძალიან ზრდილობიანად ვუთხარი: პატივცემულო, გთხოვთ, გაჩერდეთ! „პატივცემული“ შემობრუნდა და მოულოდნელად სახეში გამარტყა. მე მოვასწარი პასუხის დაბრუნება და ამ დროს, მანდოლოსანმა როგორც კი დაინახა, რომ მისი გულის სწორი მიწაზე ეგდო, თავს დამესხა და მე დამიწყო ცემა, თან ყვიროდა: ეს რა მიქენი, დამღუპეო!... რა მეთქვა არ ვიცოდი-გაოცებული დავრჩი. მეორე დღეს კოლეჯში ჩალურჯებული თვალით გამოვცხადდი. ამ ფაქტის კომენტარი თქვენთვის მომინდია...

-თქვენი აზრით, რომელია სამართლიანობის განმსაზღვრელი მთავარი პრინციპი?

-ძველი რომის გენიალურმა იურისტმა, ულპიანომ ასე ბრძანა:

„Juris praecepta sunt haec: honeste vivere, alterum non laedere, suum“ -ანუ სამართლის პრინციპები ასეთია: „პატიოსნად ცხოვრება, სხვისადმი ზიანის არმიყენება, თითოეულს მისი კუთვნილის მიხედვით“. ცხრამეტი საუკუნის  შემდეგ მეც ზუსტად იგივეს გავიმეორებდი.

- დაუწერელი კანონი ან წესი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას?

- მიჰყევი შენს ოცნებებს და არასდროს დანებდე!...