კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია: შუა საუკუნეების ტაძარში „რემონტი“ ჩაატარეს

მღვდელმსახურების გადაწყვეტილებით, ბაზალტის ფილების ნაცვლად ტაძრის იატაკზე მუქი-მწვანე მარმარილო დააგეს
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს, ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელდა.

სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულებელყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან, უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვნად აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას.

„უწყების ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ადგილობრივი მღვდელმსახურების მიერ არ იქნა დაშვებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, რამაც კანონით განსაზღვრული ქმედებების აღსრულება შეუძლებელი გახადა. ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით დაწყებული პროცესი არ შეჩერებულა არც საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომელიც თანხვედრაში იყო სააგენტოს პოზიციასთან“, –  ნათქვამია განცხადებაში.

Google Maps 200–ზე მეტი ქართული არქიტექტურული ძეგლის მოძიების შესაძლებლობას იძლევა

სააგენტო აცხადებს, რომ კანონდარღვევით მიმდინარე პროცესს არ ჰყოლია არქეოლოგიური ზედამხედველი. უნებართვო სამუშაოების შედეგად არსებულ იატაკზე, თარაზულად მოსწორებულ ცემენტის ზედაპირზე არატრადიციული წყობითაა დაგებული ძვირადღირებული მარმარილოს მსხვილი, მართკუთხა ფილები, რაც იატაკის დონეს არსებულთან შედარებით რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა სწევს და დარბაზში არსებულ საფლავის ქვას სცდება.

უწყების ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოები უკანონო ქმედებად შეფასდა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა საბჭოს მხრიდანაც, რომლებიც ორი დღის წინ სამონასტრო კომპლექსზე ერთობლივად იმყოფებოდნენ.

კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია: შუა საუკუნეების ტაძარში „რემონტი“ ჩაატარეს

მათი გადაწყვეტილებით, ახლადმოწყობილი იატაკი დემონტაჟს და ნეიტრალური ფერის ქვის კვადრებით, ქართული შერეული სტილით მოწყობას საჭიროებს.

პანკისის ხეობაში ღვთისმშობლის ეკლესიაში უკანონო ქმედებები აღკვეთეს >>

ეკლესიაში დაგებული ახალი იატაკის ფოტოები სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა, რომელსაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოყვა.

ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძარი XIII საუკუნის ნაგებობაა, რომელიც დღემდე თითქმის თავდაპირველი სახით არის შემორჩენილი. ტაძრის კედლებზე შემორჩენილი ფრესკები მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან გიორგი III, თამარ მეფე და ლაშა–გიორგი.