თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით სამედიცინო დაწესებულებების კომპლექსური შემოწმება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში სამ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა, იუწყება პირველი არხი.
ინფორმაცია დარღვევების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება.
უწყებაში აღნიშნეს, რომ მონიტორინგი ორი კვირა გრძელდება და მის ფარგლებში უკვე 30 კლინიკა შემოწმდა და 20 ოქმი შედგა.
„გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით. აგრეთვე კლინიკების სალიცენზიო და სანებართვო პირობებთან დაკავშირებით, სამედიცინო საქმიანობის უნებართვო საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაალ კაპანაძემ.
დარღვევები დაფიქსირდა როგორც რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებებში, ისე დედაქალაქის კლინიკებში.
გარდაბნის რაიონში რვა თვის ორსული ქალი გარდაიცვალა: ოჯახი ექიმს ადანაშაულებს >>
ამასთან, კაპანაძეს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელ კლინიკებში აღმოჩენილია დარღვევები.
ქვეყანაში 2800-მდე სამედიცინო დაწესებულება მოქმედებს, აქედან 300 სტაციონარული ტიპისაა.