„რუსთავი 2“–ის ყოფილი ფინანსური დირექტორი პროკურატურაში გამოკითხეს

კახა დამენიას თქმით, პროკურატურა ძირითადად ტელეკომპანიის მიერ 2015 წელს  მიღებული შემოსავლებით დაინტერესდა
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახა დამენია  პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოიკითხა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„რუსთავი2“-ის შენობიდან გამომძიებლებმა საფინანსო დოკუმენტაცია და სეიფი ამოიღეს >>

კახა დამენიამ უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის დასმული კითხვები ძირითადად 2015 წელს ეხებოდა. მაშინ ის „რუსთავი 2“–ის ფინანსური დირექტორი იყო.

„უმთავრესად, კითხვები ეხებოდა იმდროინდელ შემოსავლებს, ხარჯებზე ნაკლებად იყო კითხვები. სარეკლამო დროის გაყიდვაზე ჰქონდათ შეკითხვები და ასე შემდეგ. გაუთქმელობის პირობაზე მაქვს ხელი მოწერილი და დეტალებში ვერ შევალ, საკმაოდ ზოგადი კითხვები იყო შემოსავლებთან დაკავშირებით. რა მიზანი აქვთ, არ ვიცი. ფაქტია, საუბარია სარეკლამო საკითხებთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებზე“, - განაცხადა კახა დამენიამ.

პაატა სალია: „ქიბარ ხალვაში არ არის ვალდებული თუნდაც 1 პროცენტი დაუთმოს ვინმეს“

2 აგვისტოს კი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია დაიკითხა. მისი თქმით, გამოძიების მთავარი ინტერესია, რატომ ფორმდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე.

პროკურატურა „რუსთავი2“-ის კონტრაქტორებით - „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლუს“ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა პროკურატურაში 16 ივლისს განცხადება შეიტანა.

გვარამიას მიმართ ნიჟარაძის ძირითადი პრეტენზიები უკავშირდება „რუსთავი2“-ის ურთიერთობებს პრომოუტერულ კომპანიებთან. ნიჟარაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ როდესაც კომპანიას გაეზარდა საოპერაციო ხარჯები და საჭირო იყო რეკლამით მიღებული მეტი შემოსავლების ინტეგრირება, გვარამიამ კომპანია „ინტერ მედიასთან“ ფიქსირებულ შემოსავალზე კონტრაქტი გააფორმა. ამით ტელეკომპანიას ზარალი მიადგა, ხოლო „ინტერ მედიას“ შემოსავლები გაეზარდა.

ვინ არის ნიკა გვარამია >>

2014 წელს დარეგისტრირებული კომპანია „ინტერ მედია პლუს“ ეკუთვნის კომპანიას „მედია გრუპ მენეჯმენტი“ და ზურაბ ანჯაფარიძეს. ხოლო კომპანია „ინტერ მედია“ 2016 წელს დარეგისტრირდა. ის ირაკლი ბურძგლას, ზურაბ გუმბარიძესა და მიშა მშვილდაძეს ეკუთვნის.