პაატა სალია ნიკა გვარამიასთვის 5 მილიონის გადახდას არ აპირებს

პაატა სალია ნიკა გვარამიას ურჩევს ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  გენერალური დირექტორი პაატა სალია მისი წინამორბედის, ნიკა გვარამიასთვის 5 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას არ აპირებს, იუწყება პირველი არხი.

„დაიბარებენ ჩვენს ფინანსურ სამსახურებსაც" – ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა >>

ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და კონტრაქტის დარღვევის გამო მოითხოვა, რომ სამაუწყებლო კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ მას კომპენსაციის სახით 5 მილიონი დოლარი გადაუხადოს.

„არ მინახავს ეს კონტრაქტი და არ ვიცი რაზე საუბრობს გვარამია. მიმართოს ლონდონის არბიტრაჟს და თუ მიგვიწვევენ მხარედ, აუცილებლად გავცემთ პასუხს სასამართლოში. ამ კომპანიაში ძალიან ბევრი ისეთი ხელშეკრულებაა დადებული, რომელიც კომპანიის ინტერესების საზიანოა და ამაზე თავის დროზე დასკვნები აუცილებლად გაკეთდება. ამ ეტაპზე ვნახე რამდენიმე ხელშეკრულება, რომლებიც ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს, თუ რატომ გაფორმდა“, - განაცხადა პაატა სალიამ.

პაატა სალია: „ქიბარ ხალვაში არ არის ვალდებული თუნდაც 1 პროცენტი დაუთმოს ვინმეს“

პაატა სალიას თქმით, „რუსთავი 2“ უნდა იყოს მაქსიმალურად კრიტიკული და ეს კრიტიკა მაქსიმალურად დასაბუთებული უნდა იყოს.

„მე ვთვლი, რომ ჩვენი არხი უნდა იყოს გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით. ვგულისხმობ იმას, რომ მაქსიმალური კრიტიკა, მაგრამ მაქსიმალური ობიექტურობის და მაქსიმალური სიმართლის ფარგლებში, ანუ ეს კრიტიკა არ უნდა დაემსგავსოს რაღაც ტყუილების გავრცელებას, „ფეიკ ნიუსი“ არ უნდა იყოს „რუსთავი 2“- ზე“, – აღნიშნა პაატა სალიამ. 

მისი თქმით, მაქსიმალურად დასაბუთებული კრიტიკა მის ობიექტს არ მისცემს შესაძლებლობას, რომ ბრალდებები ჰქონდეს  ტელევიზიის მიმართ.

ამასობაში კი ტელეარხის კონტრაქტორით პროკურატურა დაინტერესდა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა პროკურატურაში 16 ივლისს განცხადება შეიტანა. ნიჟარაძის ადვოკატის განმარტებით, ტელეკომპანიის ფინანსებთან დაკავშირებით გვარამიას მხრიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მათი აზრით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია 30-50 მილიონ ლარამდე შემოსავლით მიზანმიმართულად აზარალა, ეს თანხა კი, ტელევიზიის ნაცვლად, 2015-2017 წლებში სარეკლამო კომპანია „ინტერ მედიამ" მიიღო.

ქიბარ ხალვაში: დვალმა და აქიმიძემ ტელევიზიის წილების 40%-ზე უარი მითხრეს

პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანიის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედიადან“ და „ინტერ მედია პლუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაცია უკვე ამოიღო. პარასკევს ასევე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ნიკა გვარამია გამოიკითხა.

საქმე ეხება საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გვარამიას მოწმის სტატუსით გამოკითხვა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2" ახალ რეალობაში 18 ივლისიდან აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ტელეკომპანიამ სტრასბურგს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

რას უწუნებს ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს >>

ამის შემდეგ „რუსთავი 2"-ის წილები ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე" (40%) გადაფორმდა. 18 ივლისსვე ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.