„დაიბარებენ ჩვენს ფინანსურ სამსახურებსაც" – ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გვარამიას გამოკითხვა სამი საათი გაგრძელდა.
Sputnik

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით.

ნიკა გვარამია დღეს დაიკითხება>>>

პროკურატურა გვარამიათი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა პროკურატურაში 16 ივლისს განცხადება შეიტანა. ნიჟარაძის ადვოკატის განმარტებით, ტელეკომპანიის ფინანსებთან დაკავშირებით გვარამიას მხრიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მათი აზრით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია 30-50 მილიონ ლარამდე შემოსავლით მიზანმიმართულად აზარალა, ეს თანხა კი, ტელევიზიის ნაცვლად, 2015-2017 წლებში სარეკლამო კომპანია „ინტერ მედიამ" მიიღო.

ვინ არის ნიკა გვარამია

პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანიის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედიადან“ და „ინტერ მედია პლუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაცია უკვე ამოიღო.

სარჩელის შეტანიდან ორი დღის შემდეგ, 18 ივლისს „რუსთავი 2"-მა, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, მფლობელი შეიცვალა, ნიკა გვარამია კი გათავისუფლდა თანამდებობიდან.

გვარამიას განცხადებით, გამოძიების მხრიდან დასმული კითხვები ძირითადად შეეხებოდა სამეწარმეო საქმიანობას, რაც მისი კომპეტენცია არ არის.

„დამკვიდრებული სავაჭრო წესების განხილვა მიმდინარეობს სისხლის სამართლის წესით. მომისმინეს, ალბათ, დაიბარებენ ჩვენს ფინანსურ სამსახურებს… მე რა ინფორმაციაც ვიცი, კომპეტენტური ვარ და მახსოვს, მივაწოდე", – განაცხადა გვარამიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

საქმე ეხება საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას.

პაატა სალია: „ქიბარ ხალვაში არ არის ვალდებული თუნდაც 1 პროცენტი დაუთმოს ვინმეს“

თბილისის საქალაქო სასამართლოში გვარამიას მოწმის სტატუსით გამოკითხვა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2" ახალ რეალობაში 18 ივლისიდან აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ტელეკომპანიამ სტრასბურგს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

ამის შემდეგ „რუსთავი 2"-ის წილები ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე" (40%) გადაფორმდა. 18 ივლისსვე ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.