საქართველოს პრემიერი პარლამენტის წინაშე ანგარიშით შემოდგომაზე წარდგება

მთავრობის მეთაურს საკანონმდებლო ორგანოში სექტემბრის დასაწყისში მოუსმენენ.
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ყოველწლიურ მოხსენებას საშემოდგომო სესიის დროს მოისმენს, იუწყება პირველი არხი.

გარდა ამისა, შემოდგომაზე პარლამენტის დეპუტატებს ანგარიშს წარუდგენენ ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე.

პარლამენტი გადაწყვეტილებების მიღებისადმი მიდგომას ცვლის>>

სამივე ანგარიში წერილობით საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინა, თუმცა ისინი პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ.

გაირკვა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღი

რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს დაიხურება.

მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ყოველწლიური მოხსენება პარლამენტისთვის ივნისის ბოლომდე უნდა წარედგინა, თუმცა 20 ივნისის მოვლენების გამო საკანონმდებლო ორგანოში ბახტაძის გამოსვლა გადაიდო.

თბილისში 20 ივნისს საპროტესტო აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

არეულობა თბილისში: დაკავებულია  აქციის  კიდევ ორი მონაწილე>>

მას შემდეგ მიტინგები რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად გრძელდება. მათი მოთხოვნებიდან უმეტესობა დაკმაყოფილდა – გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენაზე, გაათავისუფლეს თითქმის ყველა 20-21 ივნისის არეულობის გამო დაკავებული, ხელისუფლება ასევე დათანხმდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

20-21 ივნისის მოვლენები: საპარლამენტო უმრავლესობამ დადგენილების პროექტი შეიმუშავა>>

აქციებზე დარჩა მხოლოდ ერთი მოთხოვნა – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

გახარიას განცხადებით, პოლიცია იმ ღამეს მოქმედებდა ლეგიტიმურად და მან აღკვეთა ხელისუფლების დამხობის მცდელობა. ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს, ამას გამოძიება დაადგენს.