მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის გათავისუფლებას მოითხოვს

მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს აანონსებს
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. 20-21 ივნისის მოვლენების გამო მორის მაჩალიკაშვილის დაკავებას მისი ბიძა, პანკისის ხეობის მცხოვრები, მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აპროტესტებს და აქციებს აანონსებს, იუწყება პირველი არხი.

კარავი მაინც დაიდგა: მაჩალიკაშვილი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა >>

წელიწადზე მეტია პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილი თავისი ვაჟის მკვლელობის საქმის სათანადო გამოძიების მოთხოვნით მართავს. თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის დეკემბერში ცნობილი ტერორისტის აჰმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების მხარდაჭერაში ეჭვმიტანილების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს კარავი გაშლილი ჰქონდა პარლამენტის წინ, მაგრამ 20-21 ივნისის შემდეგ, როდესაც პოლიციამ არეულობაში გადაზრდილი აქცია დაშალა, მისი კარავი აიღეს. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მან ახლა ახალი კარავი დადგა. თავისი ძმისშვილის დაკავებას კი სწორედ კარვის დადგმისთვის შურისძიებად აფასებს.

„მორის მაჩალიკაშვილის დაკავება არის პირდაპირი შურისძიება, რახან მე გავშალე კარავი. ყველამ კარგად იცის, იმ დღეს, როცა დავაპირე კარვის გაშლა, იყო წინააღმდეგობა საპატრულო პოლიციის მხრიდან. მატყუებდნენ, რომ მერიას უნდა ჩაეტარებინა ფილების რეაბილიტაცია. 430 დღე-ღამეზე მეტია, ვდგავარ აქ. ჩემ გვერდით იდგა ჩემი ძმისშვილი, რომელიც დღეს, თემირლანის მკვლელობის მერე, მყავს როგორც თემირლანი. სრული აბსურდია, რაშიც დღეს ადანაშაულებენ – სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება. რაც არ ყოფილა, იმას არასდროს არ ვიტყვი ტყუილად“, - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

მისივე თქმით, პირადად არ უნახავს კადრები, სადაც ჩანს, როგორ უწევს წინააღმდეგობას მორის მაჩალიკაშვილი სამართალდამცველებს.

„თუ ჰუსეინ მორის მაჩალიკაშვილი, როგორც სხვები, პოლიციას უწევდა წინააღმდეგობას, არ ვიცი, მე ეს კადრები არ მინახავს. თუნდაც რომ უწევდეს წინააღმდეგობას მორის მაჩალიკაშვილი, თუ სადღაც ჩაერია, თუ სადღაც ძალა გამოიყენა, ამ ხელისუფლებამ მიიყვანა მაგ დონემდე. ის იყო დაკავებული, გაასამართლეს, გაათავისუფლეს, მისცეს შენიშვნა. იმედი მაქვს, დღეს მორის მაჩალიკაშვილს გაათავისუფლებენ. თუ არ გაათავისუფლებენ, დიდ შეცდომას უშვებენ. ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მორის მაჩალიკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ში განაცხადეს, რომ იგი „ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“.

მიზეზი, რის გამოც მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარვის გაშლის ნებას არ აძლევენ >>

აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია ჯამში 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია.