არჩილ თალაკვაძე ლარის კურსზე : ეს არის მომენტი, როდესაც ჩარევა სასურველია

პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზები განმარტა
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა მოხდეს ლარის კურსის დასტაბილურება, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის გამკაცრებას აპირებს >>

20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 5,2%-ით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 20 ივნისს იყო 2,7871, 27 ივლისს კი - 2,9321.

„ვფიქრობ, რომ უნდა დაიგეგმოს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ინსტრუმენტების გამოყენება და ეს არის მომენტი, როდესაც ჩარევა სასურველია. ბუნებრივია, ეს დასაბუთებული, დაგეგმილი ინტერვენციები მოხდება და სახელმწიფო გამოიყენებს თავის ინსტრუმენტებს,  თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, ეს არ ნიშნავს, რომ ფაქტორები, რამაც ლარზე იმოქმედა დარჩეს ჩვენი და საზოგადოების შეფასებების გარეშე“, – აღნიშნა პარლამეტის თავმჯდომარემ.

გიორგი ისაკაძე: ლარის გაუფასურებამ დრამატული ხასიათი იანვრის ბოლოდან მიიღო

არჩილ თალაკვაძის აზრით, ლარის კურსის ბოლო დროინდელი რეკორდული გაუფასურება ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმაც განაპირობა.

„აქ არის ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად ის პოლიტიკური პროცესები და  მავნებლობაც, რაც ბოლო 2-3-კვირის განმავლობაში ვნახეთ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ. ვგულისხმობ ყველა პოლიტიკურ პროცესს, სადაც აშკარა იყო, რომ ჩვენი ეკონომიკის, საზოგადოების და ჩვენი უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებდნენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, ამან მოიტანა კონკრეტული უარყოფითი შედეგები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

მისივე თქმით, ამ შედეგებს სჭირდება პოლიტიკური შეფასება და ნურავის ექნება იმედი, რომ ეს საკითხები შეფასებების გარეშე დარჩება.

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. ეს  კი იმას ნიშნავს, რომ ლარის გაცვლითი კურსი მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ. რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში ბიზნესის იმედი აქვს >>

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უწყება არანაირ გავლენას არ ახდენს გაცვლითი კურსის განსაზღვრის პროცესზე.

„ცხადია, რომ მსგავსი რეჟიმის არსებობის პირობებში გაცვლითი კურსი ხასიათდება საგრძნობი მერყეობით, მაგრამ იმავდროულად, მოქნილობის გამო იგი თამაშობს შოკების შემწოვ ფუნქციასაც“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე.