„პატრიოტთა ალიანსი" ბათუმში აქციას გეგმავს: რა იქნება მთავარი მოთხოვნა

აქციის მონაწილეები რუსეთის მიმართ რიტორიკის შეცვლას მოითხოვენ.
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 28 ივლისს ბათუმში მიტინგს გამართავს, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ.

მოთხოვნებს შორისაა რუსეთის მიმართ რიტორიკის შეცვლა, ქართულ-რუსული ურთიერთობების კრიზისამდელ დონეზე დაბრუნება, ასევე საქართველოს მიერ უარის თქმა სამხედრო ბლოკებში მონაწილეობაზე.

„პატრიოტები“ ყველას წინააღმდეგ: პარტია მასშტაბური აქციების გაგრძელებას გეგმავს>>

„მმართველი პარტია უნდა გადადგეს, რადგან მან ვერ შეძლო სიტუაციის გაკონტროლება მანამდე, სანამ რუსეთსა და საქართველოს შორის კრიზისი დაიწყებოდა. მათ მანამდე უნდა აეღოთ სიტუაციის კონტროლი თავის ხელში", – აღნიშნა ლომიამ.

ბათუმში მიტინგზე გამოვლენ აჭარის რეგიონის ტურისტული დარგის წარმომადგენლები, რომლებიც მოსკოვთან ვითარების გამწვავების გამო დაზარალდნენ.

როგორ იცვლებოდა ტურისტული ნაკადი რუსეთიდან საქართველოში

„20 ივნისის მოვლენების შემდეგ ბათუმში ტურისტული სეზონი პრაქტიკულად ჩაიშალა. მიტინგის ერთ-ერთი პირობაა რუსეთთან დიალოგის აღდგენა, ურთიერთობების მოგვარება", – აღნიშნა ლომიამ.

მისი თქმით, აქციაზე პარტია დაახლოებით 13-15 ათას მონაწილეს ელოდება.

საქართველოში საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან მიმდინარეობს – მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი გამოჩნდა. იმ ღამეს აქცია არეულობებში გადაიზარდა.

ამას რუსეთის მხრიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, ასეთი ზომები ტურიზმის სფეროს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.