ოქრუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები: გამოხმაურება სოციალურ ქსელებში, და არა მხოლოდ...

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გაამხილა, საიდან ჰქონდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ფული „ვარდების რევოლუციისთვის".
Sputnik

ბოლო დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2004-2006 წწ.), ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სულ უფრო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით, სკანდალური განცხადებების შემდეგ იმის თაობაზე, თუ როგორ მართავდა ქვეყანას წინა ხელისუფლება.

ირაკლი ოქრუაშვილი: „რუსთავი 2“ მაშინაც მე მეკუთვნოდა და ხვალაც იქნება ჩემი...“>>

ოქრუაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში იმაზე ისაუბრა, თუ როგორ აგროვებდა ფულს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" „ვარდების რევოლუციის" მოსაწყობად და ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილის პარტიის მოსვლის შემდეგაც. ამ ფულს, ექს-მინისტრის თქმით, იძლეოდნენ ბიზნესმენები და ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროინდელი ჩინოვნიკები ხელშეუხებლობის სანაცვლოდ. მათ შორის იყო მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიც, რომლის წყალობითაც 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა.

ხალვაში vs ოქრუაშვილი: „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ დავა გრძელდება

დღევანდელი მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ოქრუაშვილის მიერ გამჟღავნებული ინფორმაციით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები კი ოქრუაშვილის მისამართით სახუმარო კომენტარებს არ იშურებენ.

ოქრუაშვილის გულახდილობა

ოქრუაშვილმა ყურადღება მიიქცია 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს, რომელიც არეულობაში გადაიზარდა და მიტინგის დაშლით დასრულდა. ყოფილი მინისტრი იყო იმ ოპოზიციონერთა შორის, რომლებითაც გამოძიება დაინტერესდა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების საქმის გამოძიების ფარგლებში.

მეორედ ოქრუაშვილმა საზოგადოების ყურადღება მაშინ მიიქცია, როდესაც განაცხადა, რომ სინამდვილეში კომპანია „რუსთავი 2-ის" მფლობელი არა ქიბარ ხალვაში, არამედ თავად იყო.

რატომ მოითხოვს ოქრუაშვილის დაკითხვას „რუსთავი2“-ის დამფუძნებელი>>

„რუსთავი 2-ის" ამჟამინდელი მფლობელის მიმართ ოქრუაშვილს ბევრი პრეტენზია აქვს. ყოფილი მინისტრი ითხოვს ძველი ვალის – 7,7 მლნ დოლარის პროცენტებით დაბრუნებას – 13 მილიონ დოლარს. ამასთან, ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2" უნდა დაებრუნებინათ არა ხალვაშისთვის, არამედ მისთვის, რადგან სწორედ იგი იყო ტელეკომპანიის ნამდვილი მფლობელი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფინანსებზე საუბარი ოქრუაშვილმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, საიდან ჰქონდა იურისტსა და შემდეგ უკვე მინისტრს 2000-იანი წლების დასაწყისში მილიონები წარმატებული ბიზნესმენისთვის სასესხებლად. სკანდალური ინტერვიუ ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „TV პირველს" მისცა.

„სახელისუფლებო ბერკეტები ფულის მოსაზიდად მე არ მჭირდებოდა. მქონდა გარკვეული სახის ურთიერთობები. გვარებს არ დავასახელებ. ერთ-ერთ ძალოვან მინისტრთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. მაფინანსებდნენ შევარდნაძის მინისტრები იმისთვის, რომ მათ საფრთხე არ შექმნოდათ. მშვენივრად არიან დღესაც. ასე ხდება, ასე ხდებოდა და იქნება მომავალშიც“, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.

მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი, ოქრუაშვილის განცხადებით, ყოველწლიურად რიცხავდა „თავდაცვის ფონდში" 36 მილიონ დოლარს საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ეს უკვე „ვარდების რევოლუციის" შემდეგ იყო, როდესაც ოქრუაშვილი სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

„რუსთავი 2" ახალ რეალობაში: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და რეაქცია საქართველოში

„თავისი უსაფრთხოებისთვის, რომ კომფორტულად ეგრძნო თავი ჩვენთან ურთიერთობაში, მასზე რომ არ გავბრაზებულიყავით და მისი რაიმე სახით შევიწროება არ დაგვეწყო... შსს-ს ცალკე აძლევდა, სააკაშვილს – ცალკე", – თქვა ოქრუაშვილმა.

ამასთან, ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი იმ დროს არ იყო დაინტერესებული ტელეკომპანია "რუსთავის 2“-ით. დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძისგან წილების გადაფორმების პროცესში „არანაირი მონაწილეობა არ მიუღია“, დასძინა მან.

„ნაციონალური მოძრაობის" „ფანდრაიზერი" მე ვიყავი და მე ვაფინანსებდი ბევრ რამეს", – ხაზი გაუსვა ოქრუაშვილმა.

რეზიუმეს სახით ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ თუ ხალხი გაიგებს, რა ხდება ქართული პოლიტიკის კულუარებში, „ტელევიზორს აღარავინ ჩართავს და აღარავინ წავა არჩევნებზე".

„ქართული ოცნების" რეაქცია

„ვფიქრობ, მისმა გამოსვლებმა კიდევ ერთხელ მთელ საზოგადოებას დაანახა, ვის ხელში იყო რეალურად სახელმწიფო, როგორ ფუნქციონირებდა, როგორი ლოგიკით და როგორი თამაშის წესებით მუშაობდნენ ეს ადამიანები, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში. მისმა გამოსვლებმა საზოგადოებას დაანახა, რომ არ შეიძლება იმას, რაც იყო, და იმ სახელისუფლებო გუნდს, რომლის წევრიც იყო ოქრუაშვილი, რაიმე საერთო ჰქონოდა ქვეყნის დემოკრატიულ მართვასთან, კანონის პატივისცემასთან და სახელმწიფო ინტერესების დაცვასთან", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

ხალვაში ოქრუაშვილზე: მისი ბავშვის ნათლია ვარ, მასზე საუბარი არ მინდა

მმართველი პარტიის დეპუტატი გია ვოლსკი, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილის განცხადებებით უნდა დაინტერესდეს საქართველოს პროკურატურა.

„ის კი არ უნდა გამოიკითხოს, არამედ უნდა დაიკითხოს პროკურატურაში... მივმართავ პროკურატურას: გთხოვთ, გასცეთ ძალიან მკაფიო პასუხები ოქრუაშვილთან დაკავშირებულ კითხვებს", – განაცხადა ვოლსკიმ ტელეარხ „პალიტრა ნიუსის" ეთერში.

მისი თქმით, წინა ხელისუფლება ეწეოდა რეკეტს ისე, რომ დოკუმენტურად ეს სწორად იყო გაფორმებული. მისი აზრით, ამ პროცესებში მონაწილეობდა არაერთი ჩინოვნიკი, არაერთი ადამიანი, რომელიც დღესაც მუშაობს ძალოვან უწყებაში.

რეაქცია სოციალურ ქსელებში

სოციალური ქსელები ააჭრელა სახუმარო კომენტარებმა ოქრუაშვილის „ყოვლისშემძლეობის" შესახებ მის ამ ინტერვიუმდე ერთი დღით ადრე. ზოგიერთი გაახალისა ექს-მინისტრის განცხადებამ ორშაბათის პრესკონფერენციაზე იმის შესახებ, რომ სწორედ ის აფინანსებდა „ვარდების რევოლუციას".

„ფეისბუქის" ქართული გვერდები სავსეა ოქრუაშვილის ფოტოებით, რომელთაც სახალისო კომენტარები ახლავს. ვიღაც წერს, რომ სწორედ ოქრუაშვილმა დააარსა თბილისი, ვიღაც – რომ მან მოიგო დიდგორის ბრძოლა და ა.შ.

- დონ ვიტო კორლეონე: „კოზა ნოსტრაზე" რა თქვა?

- მაიკლი: მე ვაფინანსებდიო, მამა...

– „ირანის ბოლო შაჰიც მე ვიყავი", – წერს Rusudan Ushangishvili

 

– „ყველა ირაკლის ირაკლის სახელი გვქვია", – წერს Irakli Gaprindashvili

– „ტუტანხამონის და რამზეს III-ის საფლავი მე აღმოვაჩინე", – წერს Artyom Avakimov.