თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე ოპოზიციონერების რეაქციას იაფფასიანი სპეკულაცია უწოდა, „რადგან გუშინ გამოქვეყნებული 20-21 ივნისის მოვლენების ამსახველი ვიდეო ყველაფერზე მეტყველებს“.
ოქრუაშვილის თანამოაზრეებმა მას პოლიტპატიმარი უწოდეს>>
ოქრუაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზეა დაკავებული. არეულობისა და აქციის შემდგომი დაშლის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოქრუაშვილს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„სამწუხაროდ, ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ გააჩინოს კითხვის ნიშნები ყველაფრის გარშემო. არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იყო ნათელი, ელემენტარულად, კადრებში ჩანს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, ამიტომ მე თავს შევიკავებ შინაარსობრივი შეფასებისგან", – განუცხადა ბახტაძემ ჟურნალისტებს.
ოქრუაშვილის დაკავებას მისმა თანამოაზრეებმა პარტიიდან „გამარჯვებული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მათმა პარტნიორებმა ოპოზიციონერის პოლიტიკური დევნა უწოდეს. მათი განცხადებით, ყოფილ მინისტრს კანონი არ დაურღვევია.
ირაკლი ოქრუაშვილი თავად ირაკლი ოქრუაშვილმა დაიჭირა?>>
„ფაქტი არის შემდეგი, რომ საქართველოში არსებობს სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება და ნდობის ხარისხი არის ძალიან მაღალი ამ პროცესების მისამართით. საქართველოში, სამწუხაროდ, არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა პროცესისგან ცდილობენ დაიწერონ პოლიტიკური ქულები, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვყავს ძლიერი საზოგადოება, რომელიც ობიექტურად აფასებს ყველაფერს", – განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, „კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბარი. ეს არის პრინციპი, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება და ამ პრინციპიდან გადახვევა არ შეიძლება".
ბოლო დროს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა (2004-2006), ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. პირველად ეს მოხდა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე, მეორედ – როდესაც განაცხადა თავისი უფლებების შესახებ ტელეარხ „რუსთავი2"-ზე, რომელსაც ახლახან მფლობელები შეეცვალა.
რაც შეეხება არეულობებს, ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში მხოლოდ მონაწილეობისთვის ამ დროისთვის აქციის 15 მონაწილეა დაკავებული. აქედან ცხრა სასამართლო გარჩევის პერიოდში პატიმრობაშია, დანარჩენები გირაოთი არიან გათავისუფლებული.