თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. გადაუღებელი წვიმის გამო მდინარეების ჩოლშურას და მუხრას ადიდების შედეგად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ათი სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
სოფლებთან დაკავშირება ამ დრომდე მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი.
უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა სოფლებთან დამაკავშირებელი ხუთი ხიდი, წყალმა მთლიანად წაიღო ხერიის ხიდი, დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები.
მდინარე ჩოლშურამ მნიშვნელოვნად დააზიანა ლენტეხი-უშგულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც. ჩამოწოლილი მეწყერის გამო მანქანით გადაადგილება თითქმის 10 საათის განმავლობაში აკრძალული იყო.
სტიქიის ზონაში დილიდან მუშაობს მძიმე ტექნიკა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ხიდების აღდგენა და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება.
„სანამ უამინდობა გვაქვს, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. როგორც კი ამინდი გამოსწორდება, დავიწყებთ გზების რეაბილიტაციას, რათა მოწყვეტილ სოფლებს შორის მოძრაობა აღდგეს“, - განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბორის ლიპარტელიანმა.
„აუცილებელია დამატებითი დამცავი ნაპირსამაგრების მოწყობა. კომისია უკვე შექმნილია, უახლოეს დღეებში გვეცოდინება ზარალის ზუსტი ოდენობა“, - აღნიშნა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც. ადგილობრივების განცხადებით, დატბორილია ცენტრალური ქუჩები და ეზოები. სანიაღვრე სისტემამ წყალი ვერ გაატარა და ის მოსახლეობის სახლებში შევარდა.