თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ზურაბიშვილის ვიზიტი ერევანში - საუკეთესო ფოტოები >>
ორდღიანი ვიზიტი 24 ივლისს დაიწყება. სომხეთის მთავარი დიპლომატი ვიზიტის ფარგლებში თავის კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდება. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში ოთხშაბათს შედგება.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.
უცხოელი სტუმარი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, დაათვალიერებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივნისს დაამყარეს. იმ დროიდან ქვეყნები მრავალი მიმართულებით თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობა. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და სომხეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
რატომ ახლა?
სომხეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გიგლა ბარამიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მნაცაკანიანის ვიზიტი საქართველოში მეგობრულ ხასიათს ატარებს.
„იქნება განხილული საკითხები, რომელიც ყოველთვის განიხილებოდა პრემიერ-მინისტრების, პრეზიდენტების შეხვედრებზე: ეს არის ტრანზიტი, კულტურული ურთიერთობები, ენერგეტიკა, გზები და ა.შ... სომხეთს ყოველთვის აინტერესებდა თავისი დიასპორის ცხოვრება, არამარტო თბილისში, არამედ ჯავახეთში. ძირითადად, აი ეს საკითხები იქნება განხილული“, - განაცხადა ბარამიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ შეხვედრებზე არ გადაწყდება რაიმე გლობალური საკითხები, რადგან თბილისში მრავალრიცხოვანი აქციების გამო საქართველოს ხელისუფლება ახლა „სხვა პრობლემებით არის დაკავებული“.
ბარამიძემ ასევე 1995 წელს შექმნილი სახელმწიფოთაშორისი კომისიის მუშაობის გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„მან (კომისიამ - რედ.) უნდა განიხილოს კულტურული, ეკონომიკური და ლოგისტიკური საკითხები. ამ კომისიამ უნდა იმუშაოს ყოველთვიურად და შეხვედრები უნდა გაიმართოს რიგრიგობით - ხან სომხეთში, ხან საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით ეს კომისია არ მუშაობს ისე, როგორც ჩვენ ვისურვებდით და ორი ქვეყნის პრემიერებმა ეს არაერთხელ აღნიშნეს“, - განაცხადა ბარამიძემ.