სისხლიანი სტატისტიკა – შსს-მ ავტოავარიების შესახებ ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა

ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა სასიკვდილო შედეგით დედაქალაქში ხდება.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 1,4 ათასზე მეტი საავტომობილო ავარია მოხდა, რომელსაც 108 ადამიანი ემსხვერპლა, ნათქვამია უწყების მონაცემებში.

შსს-ს მონაცემებით, ავტოავარიებში 1,9 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

მძღოლების საყურადღებოდ! მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმები იზრდება

2018 წლის მეორე კვარტალში მოხდა 1,6 ათასზე მეტი ავტოავარია, რომლის შედეგად დაიღუპა 122 ადამიანი და დაშავდა 2,4 ათასზე მეტი.

ყველაზე მეტი ავტოავარია სასიკვდილო შედეგით დედაქალაქში მოხდა: აპრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში თბილისში ავარიების შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი და დაშავდა 841.

ავტოავარიებში მსხვერპლის რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის რეგიონები ერთად, სადაც დაიღუპა 19 და დაშავდა 203 ადამიანი.

მესამე ადგილზეა კახეთი, სადაც მეორე კვარტალში ავტოავარიებს ემსხვერპლა 14 ადამიანი და დაშავდა 133.

სოფელ მერეთში ავტოავარიას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა

ავტოავარიების დიდი ნაწილი – 850 შემთხვევა მსუბუქი ავტომობილების მონაწილეობით მოხდა, 58 – მოტოციკლების, ამდენივე – სატვირთო ავტომობილების. მოტოციკლის მონაწილეობით ავტოავარიაში დაიღუპა სამი ადამიანი.

შსს ავტოავარიების ხუთ მთავარ მიზეზს ასახელებს: ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობით მანქანის მართვა, სიჩქარის გადამეტება, გასწრების წესების დარღვევა, შემხვედრ ზოლზე გადასვლა და საგზაო ნიშნების უგულებელყოფა.

შსს ზომებს იღებს

ავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზებზე კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა.

ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვა 1 აპრილიდან პატიმრობით დაისჯება>>

ამ მიზნით 2019 წლის ბოლომდე გზებზე 5 ათასამდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება, რომელთაგან 2,1 ათასი ე.წ. ჭკვიანი კამერა იქნება. რადარები გზებზე ჯამში დაახლოებით 700 კილომეტრს დაფარავს.

გურიაში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

წლის ბოლომდე გაიზრდება ასევე ფარული პატრულირების ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც ძირითადად საქართველოს ქალაქებში იმოძრავებენ და დამრღვევებს გამოავლენენ.

საქართველოს შსს გეგმავს საავტომობილო ნომრების ამოცნობის ინოვაციური მობილური სისტემის დანერგვასაც, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შესაძლებლობას მისცემს, ადგილზევე გამოავლინონ სხვადასხვა კატეგორიის რისკის მძღოლები და შეამოწმონ ისინი.

გარდა ამისა, აპრილის შუა რიცხვებიდან საქართველოს შსს-მ დაიწყო სოციალური კამპანიის განხორციელება სახელწოდებით „მეტი სიცოცხლისთვის". ამ კამპანიის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ქუჩაში გაჩნდა „ამობრუნებული მანქანების" ინსტალაციები. დამტვრეული მანქანების გარდა, გამოჩნდა ბანერები და ვიდეორგოლები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე.

საიდან გაჩნდა გზებზე ამოტრიალებული ავტომობილები>>

შსს-მ ხაზი გაუსვა ასევე იმ ფაქტს, რომ ცოტა ხნის წინ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაული გახდა.