როდის შეუძლია პოლიციას იარაღის გამოყენება

ალბათ, სრულყოფილ სამყაროში პოლიციის არსებობა არ იქნებოდა საჭირო. სამწუხაროდ, ჩვენ არასრულყოფილ სამყაროში გვიწევს ცხოვრება, გვიძნელდება ერთმანეთის გვერდით თანაარსებობა და პოლიციაც თანამედროვე საზოგადოების აუცილებელი და განუყრელი ნაწილი ხდება.
Sputnik

რატომაა პოლიციის არსებობა აუცილებელი? – იმისთვის, რომ გამოავლინოს და თავიდან აგვაცილოს დანაშაული, შეინარჩუნოს და დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, დაეხმაროს ხალხს გამოუვალ მდგომარეობაში, დაიცვას ადამიანის უფლებები და ა.შ.

ყველამ იცის, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს. ყოველთვის, როდესაც კი ეს შესაძლებელია, პოლიციის თანამშრომლებს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მშვიდობიანი საშუალებებით სარგებლობა მოეთხოვებათ, მაგრამ ზოგჯერ ადამიანთა სიცოცხლის დასაცავად მათ ძალის ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უწევთ.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის პოლიციელების უფლებამოსილებისა და ვალდებულებების შესახებ და ეს ფაქტი ხშირად ხელს უშლის პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობის განხორცილებაში, ასევე საფრთხე ექმნებათ თავად მოქალაქეებსაც.

პროკურორი: პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე 230-მდე პირი გამოიკითხა

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში განსაზღვრულია სიტუაციები, როდესაც ნებადართულია ძალის გამოყენება. ძალის გამოყენებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების დაღუპვა (როგორც წინასწარგანუზრახველი შედეგი). კონვენციის მიხედვით, ძალის გამოყენება იმ შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც პოლიცია:

- უკანონო ძალადობისგან იცავს რომელიმე ადამიანს

- კანონიერ დაპატიმრებას ახორციელებს ან კანონიერი გზით დაკავებული პირის გაქცევას იცილებს თავიდან

- ახორციელებს აჯანყების ან ამბოხების ჩახშობისკენ მიმართულ კანონიერ ღონისძიებას.

რაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობას, „პოლიციის შესახებ“ კანონის მიხედვით, პოლიციელს აქვს ცეცხლსასროლი იარაღის პასიურად და აქტიურად გამოყენების უფლება. აქვე განვმარტოთ, რომ იარაღის პასიურად გამოყენებად ითვლება პოლიციელის მიერ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იარაღის დემონსტრირება, ხოლო აქტიურ გამოყენებად – იარაღიდან გამიზნული სროლა.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიური გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში:

ვინ გასცა აქციის დაშლის განკარგულება: გახარია პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს

1. პირისა და საკუთარი თავის დასაცავად, როდესაც საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

2. უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად.

3. მისთვის წინასწარი ცნობით ძალადობრივი ქმედებისათვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის გაქცევის აღსაკვეთად.

4. ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს;

5. დაცულ ობიექტზე, სახელმწიფო ორგანოზე ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმის მოგერიებისას;

6. საშიში ცხოველის თავდასხმისაგან ადამიანის დასაცავად;

7.  სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით მისი დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მძღოლი არ ემორჩილება პოლიციელის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის სროლა არ შეიძლება.

ჩუგოშვილი: ვინც ძალაუფლებას ჩაებღაუჭა, ყველამ ცუდად დაამთავრა

გაითვალისწინეთ! პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება − „პოლიციაა, სდექ!/გაჩერდი, თორემ გესვრი!“, შემდეგ − გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში კი შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს.

კანონი განიხილავს იმ შემთხვევებსაც, როდის შეიძლება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება გაფრთხილების გარეშე:

- შეიარაღებული თავდასხმისას, აგრეთვე საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;
- პოლიციელისთვის წინასწარი ცნობით სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის ან დაპატიმრებულის გაქცევისას;
- პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;
- განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;
- ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
- სასიკვდილოდ დაზიანებული ან დასნებოვნებული ცხოველის სიცოცხლის შესაწყვეტად, როდესაც ნათელია, რომ პრობლემის სხვაგვარად გადაჭრა შეუძლებელია.

დაკავებები თბილისში: ჯგუფური ძალადობის ბრალდებით თბილისში ოთხი პირი დააპატიმრეს

გასათვალისწინებელია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ისეთი გამოყენება, რომელიც შეიცავს სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხეს, შეიძლება მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

იკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც არსებობს სხვა პირთა დაშავების საფრთხე, აგრეთვე ცეცხლსაშიშ და ფეთქებადსაშიშ ადგილებში, გარდა აუცილებელი მოგერიების ან უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევისა.

ასევე აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულების, მცირეწლოვნების, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციელს.