საგარეო ფაქტორები და ქართული ეკონომიკა... როგორ ავიცილოთ შოკი?

საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა აღმოჩნდეს ორმაგი საგარეო შოკის ზეგავლენის ქვეშ. რატომ? ქვეყანა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ შეინარჩუნოს ტრადიციული ბაზრები და პარალელურად ახალ ბაზრებზეც გავიდეს. სად და როგორ?
Sputnik

სამსონ ხონელი

რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტ-ანალიტიკოსების შეხვედრა გაიმართა. ფორუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო. წარმომადგენლობით თავყრილობაზე დეტალურად განიხილეს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო ფაქტორების შესაძლო გავლენებზეც იმსჯელეს. სხვა მრავალ საკითხთა შორის განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო კავშირების განვითარებასა და ბაზრების დივერსიფიკაციის პრობლემაზე გამახვილდა.          

სავაჭრო ბრუნვა იზრდება, ინვესტიციები მცირდება... რატომ?

ექსპერტულ წრეებში არსებული მოსაზრების თანახმად, ჩვენი ეკონომიკა გაცილებით მაღალი ტემპით რომ იზრდებოდეს და უფრო დივერსიფიცირებული იყოს, მაშინ შევძლებდით სავაჭრო კავშირების ზეგავლენისთვის ნაკლები ყურადღების დათმობას. ახლა კი არა თუ რუსული ბაზრის ჩაკეტვა, არამედ ჩრდილოეთ სამეზობლოში თუნდაც ზომიერი ეკონომიკური შოკი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს როგორც ფულადი გზავნილების, ასევე ექსპორტის შემცირების თვალსაზრისით. ექსპერტ-ანალიტიკოსები თუ დარგის სპეციალისტები მოსაზრებას არგუმენტებით ამყარებენ, იხსენებენ არცთუ შორეული წარსულის პროცესებს. კერძოდ, 2015 წელს რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც ძირითადად რუსეთისთვის 2014 წელს დაკისრებულმა სანქციებმა განაპირობა, საქართველოს ექსპორტი რუსეთში 112 მილიონი ამერიკული დოლარით, ანუ 41 პროცენტით შემცირდა. ფულადი გზავნილების მოცულობამაც დაიკლო 369 მილიონი ამერიკული დოლარით, ანუ 46 პროცენტით. ჯამში კი ქვეყანაში თითქმის ნახევარი მილიარდი ამერიკული დოლარით ნაკლები თანხა შემოვიდა. ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ამისა 2015 წელს ეკონომიკას ზრდა არ შეუწყვეტია და ის 4.8 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ეს შემცირებული პარამეტრები ნეგატიურად აისახა ეროვნულ ვალუტაზე. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ლარის კურსი ამერიკული დოლარის მიმართ საგრძნობლად გაუფასურდა – 1.78-დან 2.16 ნიშნულამდე...  

ციფრებს აცდენილი რეალობა... ვინ როგორ ითვლის უმუშევრობას?

საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ახდენს კიდევ ერთ წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში – თურქეთში მიმდინარე პროცესები. 2015 წელს ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ პერიოდში თურქეთის ეკონომიკის დადებითმა ტენდენციებმა. თურქეთს 2015-2016 წლებში ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 7.4 პროცენტი. ახლა კი, თურქეთში პოლიტიკური კრიზისისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაძაბული ურთიერთობის გამო, ბოლო 10 წლის მანძილზე პირველად ეკონომიკის მაღალი რეცესიაა. ანალიტიკოსების შეფასებით, ამის მიზეზი ინვესტიციების მკვეთრი შემცირებაა. თურქეთის ეკონომიკურმა ზრდამ გასულ წელს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 2.5 პროცენტი შეადგინა. სავარაუდოდ, თურქეთს ფინანსური დახმარებაც შეუმცირდება, რადგან ამ დღეებში ევროკავშირის საბჭომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე თურქეთს სანქციები დაუწესა. თურქეთ-ამერიკის დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, სანქციები მოსალოდნელია ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც. ასე რომ, თურქეთის ეკონომიკის ვარდნა, დიდი ალბათობით, კვლავ გაგრძელდება.

პოლიტიკის მძევალი...

ანალიტიკოსების შეფასებით, შედეგად საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა აღმოჩნდეს ორმაგი საგარეო შოკის ზეგავლენის ქვეშ...

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „თუ 2015 წელს საგარეო შოკის ზეგავლენა სავალუტო კურსზე აისახა, ორმაგი შოკის პირობებში ზეგავლენა იქნება როგორც სავალუტო კურსზე, ასევე მთლიანად ეკონომიკაზე და, შესაბამისად, ზრდის შენელებასაც გამოიწვევს. ხოლო პროცესების ამ სცენარით განვითარება, ზრდის ტემპების შენელება, მისი თანმდევი ნეგატიური შედეგებით, უკვე მომავალ წელს რეალური გახდება. ამ თვალსაზრისით ეკონომიკაზე მიყენებული ზარალი ცოტა არ იქნება, რადგან ფულადი გზავნილები, ტურიზმიც და ექსპორტიც ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით სწორედ ამ ორ წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაზე მოდის...

ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ 20-21 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან სულ რაღაც ერთ თვეში საკურორტო ზონებში სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა. არადა ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მზარდი იყო. „საქსტატის“ მონაცემებით, 2006-2007 წლებში ტურიზმის სფეროდან შემოსავლების თანაფარდობა სავაჭრო ბრუნვაში 7.2 პროცენტი იყო, გასულ წელს − 65 პროცენტი. ანალიტიკოსები კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას. კერძოდ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის წამყვანი გენერატორი ბოლო ორი წელია რუსი ტურისტების მიერ გაწეული ხარჯებია, და სწორედ ტურიზმი, ღვინის და მინერალური წყლების ინდუსტრია, სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან ერთად ქმნის ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ქვეყანაში, რომ აღარაფერი ითქვას მის გავლენაზე სავალუტო კურსზე და ინფლაციაზე.

Руссо туристо, ანუ საფინანსო ბაზარზე პანიკაა! Ферштейн?

ანალიტიკოსების შეფასებით, უკვე დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება არა უბრალოდ რომელიმე ბაზრის ჩანაცვლება, რაც არასწორია, არამედ ეკონომიკის დივერსიფიკაცია გასაღების ახალ გლობალურ ბაზრებზე გასვლით... ქვეყანა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ შეინარჩუნოს ტრადიციული ბაზრები და პარალელურად ახალ ბაზრებზეც გავიდეს. აქვე ანალიტიკურ წრეებში მიანიშნებენ, რომ ახალი ბაზრების მოძიებისას მნიშვნელოვანია თავად საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაც...

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას საექსპორტო პროდუქციის გაცილებით მეტი და, რაც მთავარია, კონკურენტუნარიანი სასაქონლო პროდუქცია და მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები სჭირდება, ხოლო ეკონომიკის გადაწყობას დრო ესაჭიროება. ღვინო და მინერალური წყლები იგივე უკრაინაში ისედაც იყიდება.

ევროკავშირის და, უახლოეს პერსპექტივაში, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი სწორედ მაღალტექნოლოგიური მიმართულებით არის სტრატეგიულად პრიორიტეტული. უკვე ვხედავთ დადებით ტენდენციებს. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ სულ უფრო მზარდია საგარეო სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკა, რამაც ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო დივერსიფიცირებული გახადა... უნდა დაჩქარდეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე ხელშეკრულების ხელმოწერა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც მსოფლიოს პირველ ეკონომიკასთან, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდის ტემპები...“

გაბრაზებული ხალხი და პოლიტიკის მძევალი ეკონომიკა...

ერთი სიტყვით, ანალიტიკოსთა და დარგის სპეციალისტთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო შოკების ნეგატიური ზეგავლენის შემცირების ერთადერთი მექანიზმი არის როგორც არსებული სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება, ისე მათი გაღრმავება... ეს რეგიონი უნდა გადაიქცეს ეკონომიკურ და სატრანსპორტო ჰაბად. საამისოდ პირველ რიგში აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ტრადიციულ დარგებთან ერთად ახალი მიმართულებების ათვისება... ცოდნაზე ბაზირებული ეკონომიკის ჩამოყალიბებით შესაძლებელია აქ წარმოებული კიდევ უფრო მეტი პროდუქცია გავიდეს საერთაშორისო ბაზრებზე...