თბილისში ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია - „ქარვასლასთან“ სროლის დეტალები ცნობილია

დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 3 წევრი
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე 20 ივლისს თემქაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების სამივე წევრი: 1964 წელს დაბადებული ვ.კ. 1992 წელს დაბადებული ე.კ. და 1989 წელს დაბადებული ზ.ჟ. თბილისში დააკავეს.

სროლა „ქარვასლასთან“: ორმა პირმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწიეს და ბინაში მყოფი ოჯახის წევრები ცივი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს. დაყაჩაღების შემდეგ თავდამსხმელები ცდილობდნენ მიმალვას, რა დროსაც იმავე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებმა პირმა შეძლო ვ.კ.-ს შეჩერება, ხოლო ე.კ. და ზ.ჟ. მიიმალნენ. პოლიციის მიერ ამოღებულ იქნა ბინიდან გატაცებული ნივთები და ნიღაბი, რომელიც დაკავებულს ყაჩაღობისას ეკეთა.

„სამართალდამცველებმა უმოკლეს დროში დაადგინეს დანაშაულში მონაწილე დაჯგუფების სხვა წევრების ვინაობა. სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ მიმდებარედ ზ.ჟ.-მ „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა პოლიციელების მიმართულებით, მაგრამ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ის ადგილზე დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ზ.ჟ.-ს კუთვნილი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები, ასევე ფული, მათ შორის ყაჩაღობის შედეგად მოპოვებული თანხის ნაწილი. პოლიციამ 21 ივლისს ბრალდებულის სახით დააკავა ასევე ე.კ., რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ახალციხეში ველური კანაფის პლანტაციები აღმოაჩინეს >>

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 236-ე, 353-ე და 179-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას, სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე), რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.