სავაჭრო ბრუნვა იზრდება, ინვესტიციები მცირდება... რატომ?

საგარეო ვაჭრობის ტენდენციები... უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზები... რა პერსპექტივა აქვს ქვეყნის ეკონომიკას ახალ რეალობაში, სადაც პოლიტიკა დომინირებს?
Sputnik

სამსონ ხონელი

პირველი ექვსი თვე გაილია და უკვე შუალედური შედეგების შეჯამების დროა... საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სხვადასხვა სფეროში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის შედეგები გამოაქვეყნა. გამონაკლისი არც საგარეო ვაჭრობაა. „საქსტატის“ მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 5.968.3 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საგარეო სავაჭრო ბუნვაში ექსპორტი 1.775.4 მილიონ ამერიკულ დოლარს, იმპორტი კი 4.192.9 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მაჩვენებელი 11.5 პროცენტით მეტია, იმპორტის კი პირიქით 4.9 პროცენტით ნაკლებია. ექსპერტ-ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ციფრები იმპორტის ზრდის ექსპორტით გადაფარვის დადებით ტენდენციაზე მიანიშნებს. მიმდინარე წლისს იანვარ-ივნისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.417.4 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.

ციფრებს აცდენილი რეალობა... ვინ როგორ ითვლის უმუშევრობას?

ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ უკანასკნელ პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და შესაბამისად, მნიშვნელოვნად მცირდებოდა უარყოფითი სავაჭრო სალდო. ანალიტიკოსების შეფასებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც.

საგულისხმოა, რომ თუ 2016 წლის პირველ ექვს თვეში უარყოფითი სავაჭრო სალდოს მაჩვენებელი 54.6 პროცენტი იყო, მომდევნო წლებში კლება დაიწყო და შარშან 47.7 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მიხედვით, ისტორიულ მინიმუმზეა. ერთი სიტყვით, ბოლო ოთხ წელიწადში უარყოფითი სავაჭრო სალდო შემცირეულია თითქმის 14 პროცენტით.

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „საგარეო ვაჭრობის სფეროში, ბოლო წლებში გამოკვეთილი ეს პოზიტიური პროცესი, პირველ რიგში მნიშვნელოვანია საგარეო მოწყვლადობის და შესაბამისად, ლარის კურსზე დაწოლის შემცირების თვალსაზრისით. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, სწორედ მაღალი საგარეო მოწყვლადობის შემცირებაა. სწორედ მაღალი საგარეო მოწყვლადობა ზემოქმედებს ნეგატიურად საგადამხდელო ბალანსის დეფიციტზე, სავალუტო კურსზე და ზოგადად ეკონომიკურ ზრდაზე...“

პოლიტიკის მძევალი...

საინტერესოა, რა ფაქტორებმა განაპირობეს სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირება, არის თუ არა ეს ეკონომიკის გაჯანსაღების პირდაპირი შედეგი? ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო პერიოდში უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირება გამოწვეულია, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ისე ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობის ზრდის შედეგად. კვლავაც „საქსტატის“ მონაცემებს მოვიშველიებ. 2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტმა 360.9 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 22.1 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და საქართველოს მთლიანი ექსპორტის 24.6 პროცენტს შეადგენს. ექსპერტ-ანალიტიკოსები მიანიშნებენ, რომ ხელისუფლების პოლიტიკამ, რაც ბაზრების დივერსიფიკაციისკენ იყო მიმართული შედეგი გამოიღო. ექსპორტის ზრდის დინამიკა, ძალზე პოზიტიურია, რაც მომავალ წლებში მხოლოდ დადებითად აისახება ეკონომიკის ზრდაზეც.

ამ რეალობაში პოლიტიკური ისტებლიშმენტის ოპოზიციური ნაწილი, აცხადებს, რომ ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი რჩება. ქვეყანაში კი არასწორი ეკონომიკური კურსია არჩეული. მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვთ, მაგრამ ეს მთლიან შიდა პროდუქტზე ნეგატიურად არ აისახება.

თვითგადარჩენის ინსტიქტი და დათმობის პოლიტიკური საფასური...

ანალიტიკოსების შეფასებით,  მართალია, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი თუ  ლუქსემბურგი, მაგრამ მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობა საგარეო სავაჭრო ბალანსის დეფიციტის თანაფარდობა არსად არის 3 პროცენტზე მეტი. ევროზონის ქვეყნებში მისი საშუალო მაჩვენებელი საერთოდ დადებითია. მაღალი სავაჭრო დეფიციტის მაჩვენებელი, საშუალოდ − 15 პროცენტზე მეტი კი პირიქით, დაბალი შემოსავლების მქონე განვითარებად ქვეყნებშია, სადაც ერთ სულ მოახლეზე შემოსავლები მსყიდველობითი უნარიანობის მიხედით 3500 ამერიკულ დოლარზე ნაკლებია. ეს კი საქართელოსთან შედარებით სამჯერ ნაკლებია, განვითარებული, ეკონომიკის ქეყნებზე რომ არაფერი ითქვას.

გიორგი ცუცქირიძე: „სავაჭრო დეფიციტი გარკვეულწილად ბალანსდება ისეთი კომპონენტებით, როგორიც არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურიზმი და ფულადი გზავნილები, თუმცა, ის მაინც რჩება ეკონომიკური სწრაფი ზრდის და დასაქმების არასაკმარის ფაქტორად. უნდა ითქვას, რომ სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულების და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდითაა შესაძლებელი, რასაც, ორივე შემთხვევაში, ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისაკენ მივყავართ. ამას ეკონომიკური ინკლუზიური ზრდისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. წლების განმავლობაში დეფიციტის გაღრმავება გამოწვეული იყო იმით, რომ გასულ წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება დიდწილად ხდებოდა საგარეო ვაჭრობასთან კავშირის არმქონე სექტორებში, მშენებლობასა და მომსახურების სექტორში და არა წარმოებაში. აქედან გამომდინარე, პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე...“

სამიდან ნულამდე... ანუ ახალი დროების „ლაკმუსის ქაღალდი“

რაც შეეხება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას, სპეციალისტების მოსაზრებით, კლებამ სახიფათო ხასიათი მიიღო. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის უკვე პირველ სამ თვეში ის 6.3 პროცენტით შემცირდა, 281.1 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ურესი მაჩვენებელია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა 2018 წელსაც შემცირდა. წინა წელთან შედარებით კლება თითქმის 35 პროცენტი იყო. „საქართველო კუნძული არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიოსთან. დაცემაც და ზრდაც მომდინარეობს არა კონკრეტულად საქართველოდან, არამედ მისი სამეზობლოდან...“ – ეს ოქროს სიტყვები სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორს მერსი ტემბონს ეკუთვნის. ქართველი სპეციალისტები და ექსპერტ-ანალიტიკოსები კი საინვესტიციო ვარდნის მიზეზებს შორის სხვა ფაქტორებსაც ასახელებენ. მათი შეფასებით, დღევანდელი მძიმე რეალობა განპირობებულია გაურკვევლობით ენერგეტიკისა და ანაკლიის პორტის მიმართულებით... მათი მოსაზრებით სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ინვესტორების ყოყმანი. სამწუხაროდ, ობიექტური ფაქტორებისა და მოლოდინის გამო ინვესტიციები შესაძლოა უფრო მეტადაც შემცირდეს... ვნახოთ, დაველოდოთ მიმდინარე კვარტლის შედეგებს და ამ საკითხსაც მოგვიანებით დავუბრუნდეთ...