„რუსთავი2“-ის თანამშრომლების სამი მოთხოვნა და ახალი დირექტორის პასუხი

„რუსთავი2“-ის ჟურნალისტებმა და საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემების წამყვანებმა ახალ ხელმძღვანელობას სამი მოთხოვნა წაუყენეს
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. ტელეარხ „რუსთავი2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალ მფლობელსა და დირექტორს განცხადებით მიმართეს და სამპუნქტიანი მოთხოვნები წაუყენეს.

„რუსთავი 2" ახალ რეალობაში: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და რეაქცია საქართველოში >>

ხუთშაბათს ტელეკომპანია „რუსთავი 2" ახალ რეალობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ტელეკომპანიამ სტრასბურგს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

„შოკისმომგვრელია...“ – „რუსთავი 2“ სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ამის შემდეგ „რუსთავი2“-ის წილების ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე" (40%) გადაფორმდა. ხუთშაბათს ხალვაშმა განაცხადა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას გარდა, ყველა თანამშრომელი ადგილზე დარჩება. გვარამია შეცვალა ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ, რომელიც ხუთშაბათიდან „რუსთავი2“-ის თანამშრომლებთან შეხვედრებს მართავს. პირველ ეტაპზე ის ტელეარხის ფინანსური მდგომარეობის შესწავლას აპირებს.

„ახალი გენერალური დირექტორისგან მოთხოვნის მიუხედავად „რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არანაირი მყარი გარანტიები არ მიგვიღია“, - ნათქვამია „რუსთავი2“-ის თანამშრომლების განცხადებაში.

გადაწყვეტილება სტრასბურგის სახელით ანუ მენტალური რევოლუცია უსისხლოდ >>

იქვე აღნიშნულია, რომ სარედაქციო პოლიტიკისა და ახლანდელი გუნდის წყალობით „რუსთავი2“ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას და „ნომერ პირველი ტელევიზიის სახელს ამ ქვეყანაში“.

„ვინაიდან ახალი მფლობელის მხრიდან, მოთხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია ამის დამადასტურებელი არცერთი მექანიზმი, ჩვენ ვთავაზობთ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების კონკრეტულ გეგმას“, - ნათქვამია განცხადებაში.

სალია გაბუნიას არ გაათავისუფლებს, დანარჩენი „მასზეა დამოკიდებული“

ისინი სთავაზობენ „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ: „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ – ეკა გიგაური, საია – სულხან სალაძე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ - გიორგი მშვენიერაძე, „სამართლიანი არჩევნები“ – მიხელ ბენიძე, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ – ნატა ძველიშვილი, „მედიამკვლევარი“ – ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ ორი წარმომადგენელი, რომელსაც თავად პაატა სალია შეარჩევს.

ინიაციატივის თანახმად, საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტი ვერ აიყვანს და ვერ დაითხოვს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ტელეარხის პოლიტიკურ კონტენტს ქმნიან. ამისათვის თანამშრომლები ტელეარხზე საკადრო ცვლილებებზე მორატორიუმის შემოღების ინიციატივით გამოდიან.

პრემიერი: სტრასბურგის გადაწყვეტილება და მედიაპლურალიზმი საქართველოში >>

ჟურნალისტების კიდევ ერთი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში: არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის გადაცემების მომზადებას და ეთერში გაშვებას, არ შეცვალოს გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი.

„არასწორი იქნება, ამაზე კი ან არა გიპასუხოთ. არ მისაუბრია ქიბარ ხალვაშთან, მოგვიანებით გაგცემთ პასუხს“, – განაცხადა პაატა სალიამ პირველი არხის ეთერში.

მან განაცხადა, რომ პასუხს შაბათს გასცემს.

„რუსთავი 2" და ახალი სასამართლო: არენაზე ირაკლი ოქრუაშვილი გამოდის

არხის წამყვანმა ჟურნალისტებმა და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებმა ადრე განაცხადეს, რომ სალიას ნდობას მხოლოდ მას შემდეგ გამოუცხადებენ, როდესაც ის მათ გრძელვადიან შრომით ხელშეკრულებებს გაუფორმებს.

საპასუხოდ სალიამ განაცხადა, რომ ტელეარხის მფლობელს პრეტენზიები აქვს მხოლოდ გვარამიასთან, დანარჩენებს საკადრო ცვლილებები არ შეეხებათ, თუმცა კონტრაქტების გაფორმებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ამავე დროს, პარასკევს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე საკუთარი უფლებების შესახებ განაცხადა. მისი ინტერესების წარმომადგენელმა გია ზოდელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

პირველ ეტაპზე ოქრუაშვილმა მოითხოვა მიღებული იქნას ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტელეარხის გაყიდვა აიკრძალოს მანამ, სანამ საქმის განხილვა არ დასრულდება.